მთავარისაქართველომეორედ ინიციირებული კანონი - მოსაზრებები და სამომავლო გეგმები

მეორედ ინიციირებული კანონი – მოსაზრებები და სამომავლო გეგმები

ე.წ. „აგენტების კანონი“ იყო ის მთავარი თემა, რომელზეც დღეს, 9 აპრილს, სამოქალაქო ჯგუფებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, მოქალაქეებმა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მათ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

როგორც სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ქართული ოცნების“ მიერ მეორედ ინიციირებული კანონი დამტკიცების შემთხვევაში ჩაახშობს თავისუფლებას საქართველოში.

„იმიტომ არის ეს კანონი რუსული, რომ თავისუფლებას ჩაახშობს საქართველოში და საქართველოს გზას არ დაუტოვებს ევროკავშირისკენ და რუსეთის კოლონიად დაგვტოვებს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

„დღეს, 9 აპრილის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვდგავართ უკვე მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენის ზღვარზე, რადგან „ქართულმა ცნებამ“ ამ კანონპროექტის შემოტანით პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა თავის ორწლიან რიტორიკას, რომ მას უნდოდა მშვიდობა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

„ეს შეხვედრა იმას ემსახურება, რომ შეიქმნას სინერგია, როგორც შარშან. მაშინ ამ სინერგიამ, წინა წლის მარტში, დაამარცხა რუსეთი“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

შეხვედრას ხელისუფლების ოპონენტებიც ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, ამ კანონის მთავარი საფრთხე არის ის, რომ ის დახურავს საქართველოსთვის ევროკავშირისა და NATO-ს კარებს.

„ამ კანონის მთავარი საფრთხე ის არის, რომ ჩვენთვის ყველანაირი კარი დაიკეტება ევროკავშირსა და NATO-ში“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

„ყველას კარგად გესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და, ცხადია, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მმართველ გუნდში კი კვლავ ამტკიცებენ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს და ინიციირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში.

„რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში. ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის, ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„იმიტომ გვინდა ევროკავშირი, იმიტომ გვინდა დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არის მნიშვნელოვანი და ეს არის მათი ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ქართული ოცნების” კანონპროექტის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს. დაგეგმილია საპროტესტო აქციებიც.

პრეზიდენტი კი ამბობს, რომ თუ ამ კანონს “ქართულმა ოცნება” მიიღებს, ის მას აუცილებლად ვეტოს დაადებს.

„ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშითა და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერასდროს გაიმარჯვებს. არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება. აქ მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა, გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს არჩევანია ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend