უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის სასტიკი ბუნება მსოფლიომ ბუჩასა და ირპინის აღების შემდეგ კიდევ ერთხელ დაინახა. ბუჩას გათავისუფლებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა დიდი ტრაგედია კვლავ დაღს ასვამს ადგილობრივების ცხოვრებას. ადგილობრივი საავადმყოფოსა და ბუჩას კულტურული ცენტრის ნანგრევები უკრაინელებისთვის რუსული სისასტიკის მუდმივი შეხსენებაა.
„სისასტიკის მასშტაბი მხოლოდ მოკლული ადამიანების შეგროვებისა და ექსჰუმაციის შემდეგ დავინახეთ, რადგან საყვარელ ადამიანებს ჩვეულებისამებრ სასაფლაოზე ვერ კრძალავდნენ. ოჯახებს მიცვალებულთა დამარხვა ეზოებში, პარკებსა და მოედნებზე უწევდათ. მოკლულთა ოჯახებსა და ნათესავებთან კომუნიკაცია და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ძალიან რთული იყო. ყველაზე საშინელი ისაა, რომ მოკლულთა დედებთან საუბარი გვიწევდა“, – ამბობს მიხაილინა სკორიკ-შკარივსკა, ბუჩას მერის ყოფილი მოადგილე.
მაშინ, როცა რუსული ჯარი ბუჩას მოსახლეობას უმოწყალოდ ხოცავდა, მიხაილინა სკორიკ-შკარივსკა ქალაქის მერის მოადგილე იყო. ის ოჯახებს მოკლულთა ამოცნობასა და დაკრძალვაში ეხმარებოდა: „ბუჩას გათავისუფლების შემდეგ მინიმუმ 12 ადამიანი მოკლეს. რუსები არ გვაძლევდნენ უფლებას, გარდაცვლილები დაგვემარხა. ამით ადამიანების შეშინებას ცდილობდნენ. მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. არც დონბასისა და ყირიმის ომის პერიოდში. ამ სისასტიკის გამო ბუჩა შოკისმომგვრელ ისტორიად და ომის დანაშაულთა ცოცხალ მუზეუმად იქცა“.
მკვლელობისა და გაუპატიურების ტრავმა უკრაინელებს არ ტოვებს. ეს სამუდამოდ მათი ცხოვრების ნაწილი იქნება. მიუხედავად ამისა, ბუჩაში ადამიანები ბრუნდებიან. ისინი ცდილობენ იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც ბუჩას ტრაგედიამდე ჰქონდათ.
ომი მესამე წელია გრძელდება. უკრაინელები მსოფლიოს კვლავ ერთ რამეს სთხოვენ – არ მიატოვონ უკრაინა.