მთავარისაქართველო„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ - დავა კანონპროექტის შესახებ

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ – დავა კანონპროექტის შესახებ

კანონის „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ ფარგლებში რუსეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიხურა ყველა კრიტიკული ტელეკომპანია თუ სხვა მედიასაშუალება, ჩამოიშალა სამოქალაქო სექტორი, გაუქმდა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა ორგანიზაცია. ათასობით პროგრესულად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქე სამშობლოდან გაიქცა. რუსეთში ახლა დიქტატურასთან გათანაბრებული სრული ავტოკრატია ყვავის.

განსხვავებული სახელითა და მსგავსი შინაარსით საქართველოში „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე მეორედ აპირებს ერთხელ უკან წაღებული კანონის მიღებას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, ქართული ვერსია ბევრად ლმობიერია.

“კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს, ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება ეკრძალებათ. რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 6 წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებითა და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? არ არის, შესაბამისად, ის რომ ჩვენი კანონი არის რუსული, მდაბიო ტყუილია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ისინი კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხად და ახალგაზრდების დაცინვად აფასებენ.

„ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის რეინიციირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც ერთი წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით, მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობაც ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს ატარებს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვითა და რეფორმების ხელშეწყობით, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ამისთვის კი არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო მოსთხოვს, თავად თქვან, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ არიან და კანონის ძალით აიძულებს, ფაქტობრივად „აგენტის“ სახელით თავად დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში.

კანონპროექტის არსობრივი განხილვა საპარლამენტო პროცედურებით მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend