შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ამერიკის პოლიტიკა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ შეიცვალოს, თუ ისინი არ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების მოსაგვარებლად.
კერძოდ, თეთრი სახლი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად დამატებითი სახმელეთო გადასასვლელების გახსნას მოითხოვს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ საზოგადოებას აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
ბაიდენისთვის ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმები და ზოგადად არსებული ჰუმანიტარული ვითარება მიუღებელია.
პრეზიდენტმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, კრიზისის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატაროს შესაბამისი ზომები. პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ღაზასთან მიმართებაში დამოკიდებული იქნება ისრაელის ქმედებებზე.
Today, I spoke with Prime Minister Netanyahu to emphasize that strikes on aid workers and the humanitarian situation in Gaza are unacceptable.
Israel must implement steps to address civilian harm and the safety of workers – and work toward a ceasefire to bring hostages home. pic.twitter.com/c7yB0jwq06
— President Biden (@POTUS) April 4, 2024
ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ჰუმანიტარულ კოლონას დაესხა თავს. როგორც ცნობილია, თავდასხმას რამდენიმე ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები.
4 აპრილს ისრაელელმა სამხედროებმა განუცხადეს, რომ ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც ვარაუდობენ, ისრაელის ძალებმა ღამით ვერ დაინახეს კოლონა და შეცდომით მიიტანეს იერიში.