მთავარისაქართველოკრემლში უარყოფენ, რომ კანონი, რომელსაც საქართველოში რუსული შეარქვეს, რუსულია

კრემლში უარყოფენ, რომ კანონი, რომელსაც საქართველოში რუსული შეარქვეს, რუსულია

კრემლში უარყოფენ, რომ კანონი, რომელსაც საქართველოში რუსული შეარქვეს, რუსულია. საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პუტინის პრესსპიკერი “ქართული ოცნების” დაინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოში სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო სურს. საუბარია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე, სადაც ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოიყენებენ ტერმინს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

რუსულ კანონთან მსგავსებას კვლავ უარყოფენ მმართველ გუნდშიც.

„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, დაკარგავს ხელისუფლებას, ძვირად დაუჯდება. მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა და ეს პირობა კი არ შესრულდა, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია ამ „გადაგდების“ საპირისპიროდ თქვას თავისი სიტყვა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში სხვა სათაურითა და იმავე შინაარსით ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულ კანონპროექტს კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ყოველ ჯერზე ტყუილებში ჩაკარგული „ქართული ოცნება“ მანიპულირებს, თითქოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას იცავს.

„დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას იცავს, ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას. ჩვენ გამჭვირვალობასთან არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ესაა თქვენ და თქვენი ხელისუფლება. სადაა მთავრობის დამალული განკარგულებები, სად არის “ქოლცენტრებზე” და დასანქცირებულ მოსამართლეებზე საგამოძიებო კომისია, სად არის დეკლარაციებში ნათესავების წრის გაფართოება და სხვ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა გინდათ და თავის გადარჩენის გამო აკეთებთ ამას. ყველა ინსტიტუტი თქვენს ხელშია და შინაარსობრივად ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობთ, თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა.

„ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიციირებით, ახლა ივანიშვილი ვერ გადაფარავს იმ მთავარ ჩავარდნას, რომელიც აქვს მის 12-წლიან მმართველობასა და მთავრობას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

კანონპროექტს აკრიტიკებენ ევროკავშირი და აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და ხელისუფლებას მის მიერ ერთი წლის წინ დადებულ პირობას ახსენებენ, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა კანონპროექტს და მის განხილვას აღარ დაუბრუნდებოდა.

ამასობაში კი ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პარლამენტს “ქართული ოცნების” კანონის ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობს – „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. მათი განმარტებით, ეს კანონი შეეხება არა საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს, არამედ მათ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას არ აღიარებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend