გასული წელს, როდესაც პირველად წარადგინეს კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რამდენად ჰგავდა ამერიკული კანონი მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.
გამოქვეყნდა არაერთი ანალიტიკური სტატია, სადაც ეწერა, რომ ეს კანონპროექტი ძირეულად განსხვავდება ამერიკული “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან” (FARA) და საქართველოში წარდგენილი კანონი სპეციალურად მედიისა და არასამათვრობო ორგანიზაციების შესაზღუდად შეიქმნა.
თუმცა ერთი წლის შემდეგ მმართველ პარტიაში კვლავ ამბობენ, რომ აშშ-ში მოქმედებს მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის ანალოგი.
“აშშ-ის შემთხვევაში FARA-ში დარეგისტრირებულია სულ რაღაც 700-იოდე ორგანიზაცია, მთელს აშშ-ში. ჩვენს შემთხვევაში, ეს კანონი შეეხება რამდენიმე ათას არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც აბსოლუტურად არ ატარებენ არავის ინტერესს. დაფინანსებას მოიპოვებენ სხვადასხვა სახის ღია წყაროებიდან და მათ შორის უმეტესობა პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ფონდებიდანაა, რომლებიც შეთანხმებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მთავობასთან”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
ერთის მხრივ, კანონპროექტის ინიციატორები სხვადასხვა დასავლური ქვეყნის ანალოგებზე საუბრობენ, ხოლო საზოგადოების ნაწილი წელს, ისევე როგორც შარშან, კანონს რუსულს უწოდებს.
შარშანაც და წელსაც არასამთავრობო სექტორი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ხოლო, ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
“თავისი შინაარსით ეს კანონი არის უნგრული კანონის ანალოგი, არის რუსეთში და რამდენიმე კიდევ სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ყირგიზეთში მიღებული კანონის ანალოგი. რუსეთში არის საუბარი კონკრეტულ თანხაზე. თუ ორგანიზაცია 7000 ევროზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, ის ავტომატურად ითვლება უცხო ქვეყნის აგენტად. ზუსტად იგივე მიდგომაა. უბრალოდ აქ პროცენტებშია საუბარი, იქ კონკრეტულ თანხაზე“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტების მოსაზრებით, ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება იმ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული აშშ-სა და ევროკავშირთან, რომელთა თანახმადაც, ეს ქვეყნები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ხელს უწყობენ, მათ შორის ფინანსურად.
ისინი შიშობენ, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცებას შესაძლოა მოჰყვეს დემოკრატიული უკუსვლა, რაც მომავალში ევროკომისიის შეფასებაზეც აისახება და შეაფერხებს ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.