მთავარიმსოფლიოNATOნატოში სურთ უკრაინის მხარდასაჭერად 100-მილიარდიანი ფონდი შექმნან

ნატოში სურთ უკრაინის მხარდასაჭერად 100-მილიარდიანი ფონდი შექმნან

ვაშინგტონის სამიტის წინ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმაზე. ეს გეგმა მოიცავს 100-მილიარდიან ფონდს, რომელიც 5 წელზე იქნება გადანაწილებული.

“უკრაინის მხარდაჭერა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მოკლევადიან ნებაყოფლობით შეთავაზებებზე და უფრო მეტად დამოკიდებული ნატოს გრძელვადიან ვალდებულებებზე. ამით ჩვენ უკრაინას მივცემთ იმას, რაც მათ სჭირდებათ, ეს არის გრძელვადიანი, პროგნოზირებადი, ძლიერი მხარდაჭერა. ეს ასევე არის გზავნილი მოსკოვისთვის, რომ ისინი რესურსების ხარჯზე ვერ გაიმარჯვებენ. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ მოიგებს ომს. ის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

100-მილიარდიანი ფონდი, რომელზეც ნატო მსჯელობს, ნაწილობრივ შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ყველა წევრი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. მათ შორის უზრუნველყოს აშშ-ის მხარდაჭერა, იმ შემთხვევაშიც თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.

„მე შევხვდი სენატორებს, ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ბოლო კვირების განმავლობაში მათ დამარწმუნეს, რომ აშშ-ს კონგრესში დიდი უმრავლესობაა მხარდაჭერის მომხრე. ასე რომ, საკითხი ახლა არის ამ უმრავლესობის გადაქცევა დადასტურებულ გადაწყვეტილებად და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე. აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებში შედის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს უკრაინაში. არ უნდა გაიმარჯვოს განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს წაახალისებს სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, მათ შორის პეკინს, გამოიყენოს სამხედრო ძალა და დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ ვინ შეცვლის იენს სტოლტენბერგის ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე. სულ ცოტა ხნის წინ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოულოდნელად წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს წინააღმდეგ. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ რუტეს ახლა ნატოს ყველა მოკავშირის მხარდაჭერა აქვს გარდა უნგრეთისა და თურქეთისა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებასაც ეწინააღმდეგებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend