„არიან ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ხელშეკრულება აგრესიული აქტია ჩვენი მხრიდან. ეს სიცრუეა. ჩვენთვის ომი გარდაუვალი არ არის. ჩვენ უკვე ვიხილეთ მამაცი ხალხი, ისინი გადალახავენ წარმოუდგენელ დაბრკოლებებს. ხალხს სიმამაცითა და ხედვით კვლავ შეუძლია საკუთარი ბედისწერა განკარგოს. მათ შეუძლიათ აირჩიონ მონობა, ან თავისუფლება, ომი ან მშვიდობა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ“, – ეს სიტყვები ჰარი ტრუმანს ეკუთვნის. აშშ-ის 33-ე პრეზიდენტმა ასე ისაუბრა 1949 წლის 4 აპრილს, იმ დღეს, როცა ვაშინგტონში 12-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას.
ასე შეიქმნა ნატო, მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსი.
Tap below to watch the events that shaped its history since it was founded in 1949 ↓#1NATO75years
— NATO (@NATO) April 2, 2024
ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი რეალურად უფრო ფართო პოლიტიკური პროცესების ნაწილი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა კომუნისტურ რევოლუციებს მოეცვა. ამის ასარიდებლად ოფიციალური ვაშინგტონმა დაიწყო დასავლეთ ევროპისთვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამა, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც მარშალის გეგმა. ვაშინგტონში ასევე მიაჩნდათ, რომ ევროპის ეკონომიკური აღორძინებისთვის აუცილებელი იყო ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა საბჭოთა აგრესიისგან. ალიანსი თავისი არსით იყო და არის თავდაცვითი და მისი მთავარი მიზანია შეაკავოს აგრესია. ასე გრძელდებოდა 75 წელი და დღეს ამ იუბილეს ნატო ხვდება უკვე 32 წევრით, მსოფლიოში უძლიერესი ალიანსის სტატუსითა და დევიზით, რომელიც დიუმას უკვდავი ნაწარმოებიდან ისესხა – “ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის”.