მთავარისაქართველო“სირთულეებით აღსავსე წელი”- სახალხო დამცველის ანგარიში

“სირთულეებით აღსავსე წელი”- სახალხო დამცველის ანგარიში

“კვლავ სირთულეებით აღსავსე” იყო 2023 წელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის – ასე წერია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის, პირველ ანგარიშში, სადაც ომბუდსმენი არაერთ გამოწვევასა და პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით კი ოკუპაციასა და მის თანმდევ სირთულეებზე.

„2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა, რომელიც სოფელ კირბალში წინაპართა სალოცავში სანთლის დანთების დროს მოხდა. დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი. ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლება მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა“,- ამბობს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი.

ოკუპირებული რეგიონების გარდა, ანგარიშში არაერთი მწვავე პრობლემა მოხვდა, მათ შორის: ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში; სიღარიბე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ფემიციდის შემთხვევები, ანუ როდესაც ქალებს გენდერული ნიშნით კლავენ, ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვა, მათი დისკრიმინაცია და შევიწროება.

ანგარიშში მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და ის, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა.

„სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა“, – ამბობს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი.

სხვადასხვა სახალხო დამცველი წლებია ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემაზე – ბავშვთა სიღარიბეზე. 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5,2%-ით გაიზარდა.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე საუბარია მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, იმაზე, რომ აქციების დროს მონაწილეთა დაკავება შეუთავსებელია დღევანდელ კონსტიტუციასთან და ის საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება; და რომ 2023 წელს საქართველოში არც პოლიტიკის დოკუმენტებისა და არც საკანონმდებლო რეგულირების თვალსაზრისით თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend