ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, მე-9 რეკომენდაცია, ეხებოდა გენდერული თანასწორობის საკითხს, რომლის თანახმად, ქვეყანამ განსაკუთრებით უნდა გაზარდოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ეს იყო ერთ-ერთი იმ 3 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკომისიამ სრულად შესრულებულად შეაფასა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში კი არის ჩამოთვლილი ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა საქართველომ იმისათვის, რომ მიეღო ეს შეფასება.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა ინკლუზიური პროცესის ფარგლებში მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც სტამბოლის კონვენციასთან თანხვედრის გაზრდისკენ იყო მომართული.
სტამბოლის კონვენცია არის ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა 2011 წელს სტამბოლში.
საქართველო არის ამ ხელშეკრულების ხელმომწერი და როგორც კანდიდატ ქვეყანას, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია საკუთარი კანონმდებლობა მოიყვანოს შესაბამისობაში ამ კონვენციასთან.
ამასთან ერთად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა მიიღო გარკვეული ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დამტკიცდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია და პარლამენტში გენდერული კვოტების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2023 წლის არჩევნებამდე.
შესაბამისად, გენდერული კვოტების შენარჩუნება იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ევროკომისიის მე-9 რეკომენდაცია გენდერული თანასწორობის შესახებ სრულად შესრულებულად ჩაითვალა.
თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ კვოტების მიღება არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ადგილობრივ დონეზე ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.
საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქალები შეადგენენ პარლამენტის წევრთა მხოლოდ 17%-ს, 139 დეპუტატიდან მხოლოდ 27 არის ქალი და მხოლოდ სამ ქალაქს ჰყავს ქალი მერი.
გაფართოების ანგარიშში ჩამოთვლილი რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ ხელი მეტად უნდა შეუწყოს გენდერული ბალანსის შექმნას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იმუშაოს პარტიულ სტრუქტურებში არსებულ გარემოს გაუმჯობესებაზე, რომელიც ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებს, ებრძოლოს დეზინფორმაციასა და კიბერდისკრიმინაციას ქალი პოლიტიკოსების მიმართ და იმუშაოს იმ მითების აღმოფხვრაზე, რომლებიც ქალებისა და გოგონების შესახებ არსებობს საზოგადოებაში.