მთავარისაქართველომმართველი პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს

უკვე მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ საარჩევნო კოდექსში “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვით, მაჟორიტარის ნაცვლად შესაძლოა დელეგატი ჩაიწეროს.

მმართველი პარტიის ლიდერები განმარტავენ, რომ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივ მოსახლეობასთან პარლამენტის კომუნიკაცია უფრო ეფექტური იქნება, თუ რომელიმე დეპუტატი არაფორმალურად ჩაიბარებს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს.

„პირადად მეც ვფიქრობდი დიდი ხანი, როგორ შეიძლება პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შეინარჩუნოს კავშირი ამომრჩეველთან, განსაკუთრებით რეგიონში. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კვლევა, რა გამოცდილებაა სხვა ქვეყნებში, რა შეიძლება გაკეთდეს. რეალურად არსებობს ორი გზა. ერთი – პარლამენტის ინსტიტუციური დაკავშირება რეგიონებთან. პირობითად წარმომადგენლობის მეშვეობით, რაც რეალურად არ უზრუნველყოფს და ვერ ჩაანაცვლებს იმ სიკეთეს, რაც ჰქონდა ამ კავშირს. აქ მნიშვნელოვანია პარლამენტი არა ინსტიტუციურად, როგორც აპარატი, არამედ ეს არის პოლიტიკური კავშირი, რომელიც უნდა არსებობდეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს შორის… ამ ინიციატივის იდეა არ არის, რომ ეს იყოს ვალდებულება პარტიებისთვის, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა პარტიებისთვის, რომ როდესაც გავლენ რეგიონებში, უთხრან ამომრჩევლებს, რომ თუ გვეყოლება წარმომადგენლობა პარლამენტში, უშუალოდ თქვენი ხმა ჩვენს პარტიაში იქნება ეს ადამიანი. ეს არის ყველაზე ადეკვატური მოდელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” ვერ ელევა ნაცად მეთოდს, რის საფუძველზეც საპარლამენტო უმრავლესობას მაჟორიტარების ხარჯზე იღებდა.

“ალბათ “ქართული ოცნება” ცდილობს, რაღაცნაირად პიარული ჩამნაცვლებელი შექმნას მაჟორიტარობიდან დელეგატობამდე. იმისთვის, რომ ხალხს უთხრას რომ აი, აქ თქვენი წარმომადგენელი იქნება ესა და ეს პიროვნება. იმისთვის, რომ ამით მოიზიდოს და მოიბას ამომრჩეველი. რადგან ამ ჩანაწერს ინსტიტუციური დატვირთვა არ ექნება და ეს არ იქნება ვალდებულება პარტიებისთვის, ამაში ჯერჯერობით საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ. თუ იქნება რაიმე საშიშროება, ეს დეტალური განხილვისას გამოჩნდება”, – ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ჰერმან საბო.

ცნობისთვის, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, სადაც მაჟორიტარული წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში აღარ იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend