„თუ მიიღებენ გენდერული კვოტირების გაუქმების გადაწყვეტილებას, ეს იქნება ქალთა თანასწორობაში უკან გადადგმული ნაბიჯი“, – პარლამენტის წინ 2 აპრილს ქალთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ იმის გაუქმება, რაც მნიშვნელოვან წინსვლად მიაჩნდათ. მიუხედავად პროტესტისა, პარლამენტმა უკვე დაჩქარებულად დაიწყო „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. საუბარია საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებაზე.
„პრივილეგიები არ შეიძლება ჰქონდეს არც ერთ ჯგუფს, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ. ბოლო ოთხი წელია ამაზე ვსაუბრობთ, ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გაჩნდა“.
გირჩის პოზიციას იზიარებს “ქართული ოცნებაც”, მათ შორის უმრავლესობის პარლამენტარი ქალები.
„ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა… ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი რჩება იმ პრინციპების ერთგული, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით“, – წერია განცხადებაში.
„გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგება ასეთია – კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, „გირჩი“ მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში.
ამასთან, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია მსგავს ნაბიჯებს საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად დგამს.
„დღეს ძალაუფლების გასახანგრძლივებლად „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც კი არ არის საუბარი, ვიღაც ეთანხმება, თუ არ ეთანხმება გენდერული კვოტირების პრინციპს. გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება, ისევე როგორც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში დელეგატების შემოღება და მინიფეოდალებისთვის საპარლამენტო მანდატების მიყიდვის შესაძლებლობის შექმნა, ცესკოს ლოიალური თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე წლით არის ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილები“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
„კვოტირების გაუქმება არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამწუხაროა, რომ გირჩი დათანხმდა „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს “ქართული ოცნების” მიერ დადგმულ სპექტაკლში ეს სამარცხვინო როლი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივას უარყოფითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველიც. მას მიაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით უგულებელყოფილი ხდება ქალების მრავალწლიანი ბრძოლა თანასწორობისთვის.
“გირჩი” და მისი მხარდამჭერები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უკვე გააუქმებენ გენდერული კვოტირების სისტემას და უკვე მომავალი მოწვევის პარლამენტში საქართველოს უფრო ნაკლები ქალი დეპუტატი ეყოლება.
ანა ალელიშვილი