მთავარისაქართველოსაარჩევნო კოდექსში ტერმინი “მაჟორიტარი” შესაძლოა “დელეგატით” შეიცვალოს

საარჩევნო კოდექსში ტერმინი “მაჟორიტარი” შესაძლოა “დელეგატით” შეიცვალოს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალი, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი განსხვავებული სისტემით იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მაჟორიტარი დეპუტატების სისტემის გაუქმებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან პარლამენტში არჩეული ყველა დეპუტატი პროპორციული, იმავე პარტიული სიით შევა.

მაჟორიტარის ნაცვლად დელეგატი. შესაძლოა, ეს ახალი ტერმინი გაჩნდეს საარჩევნო კოდექსის ახალ მუხლში. „ქართული ოცნებიდან“ როგორც ცვლილების ავტორები განმარტავენ, პირობითად დელეგატ დეპუტატობის კანდიდატს ფორმალურად და არა იურიდიულად დაევალება იყოს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქის მოსახლეობის ხმა პარლამენტში.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ერთბაშად მაჟორიტარულიდან სრულად პროპორციულზე გადასვლა ამომრჩევლისთვის შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს. ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდი საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გეგმავს.

“მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ელფერიც. ამიტომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა გარკვეული დაბალანსება მოგვეხდინა. ამისთვის, თითოეულ საარჩევნო ოლქს განვუსაზღვრავთ კონკრეტულ დეპუტატობის კანდიდატს, როგორც ასე ვთქვათ „დელეგატად“, რომელიც ამ ოლქის მაცხოვრებლების პრობლემებსა და ხმას მოიტანს პარლამენტამდე. ეს იქნება ნებაყოფლობითი და არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“. ყველა პარტიისთვის იმოქმედებს ეს პირობა და წესით, ოპოზიციასაც უნდა აწყობდეს, რომ ამომრჩეველს ამა თუ იმ ოლქში წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც არა მხოლოდ კანონშემოქმედი იქნება პარლამენტში, არამედ მათ გასაჭირზეც გაამახვილებს ყურადღებას“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ ეს ცვლილება დეპუტატს მაჟორიტარის მსგავსი მოვალეობების შესრულებაში ოფიციალურად არ დაავალდებულებს და მხოლოდ პარტიული შეთავაზება იქნება ამომრჩევლისთვის, ოპოზიციას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ გეგმა გასაგებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მმართველ გუნდს მაჟორიტარების გარეშე ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება და ამიტომ აპირებს ამ ცვლილების შემოღებას.

„”ოცნება” ხვდება, რომ მაჟორიტარული სისტემის გარეშე მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა. ვინაიდან ამას ხვდებიან, ცდილობენ, მაჟორიტარულის მიმსგავსებული მოდელი შექმნან. არა მხოლოდ ეს, მათ შორის, 40%-იანი ბარიერის მოხსნა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს პირდაპირ იმაზე, რომ დღეს “ოცნება” თვითონვე აღიარებს, რომ მას ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. მათ არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ გააჩნიათ. ამ ყველაფერს თვითონვე აღიარებენ იმ ცვლილებებით, რომლებსაც ახორციელებენ. ამის ნათელი დადასტურება იყო საარჩევნო კოდექსის წინა ცვლილებებიც. უბრალოდ, ეს ხალხი ხვდება, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყველა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ,” – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა პარლამენტში, მიხეილ დაუშვილმა.

საკითხი პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა.

მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამ სიახლის გარდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტში ჩადებული არის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებაც. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამ ცვლილებებს არ ემხრობა და სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend