„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სანქცირებულ მოსამართლეებს დაწესებული შეზღუდვები მოუხსნან. ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური სხდომის დასრულების შემდეგ. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი მოსამართლეებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად.
„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება. დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების რაიმე პირობასა და რეალურ საფუძველს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
2023 წლის 5 აპრილს აშშ-მა საქართველოს 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები შეეხოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძესა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას. ასევე სანქცირებულთა შორის მოხვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე. დაწესებული შეზღუდვები მოსამართლეთა ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. მათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა და იქ ნებისმიერი საქმიანობა ეკრძალებათ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებაზე შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სანქციები ეფუძნებოდა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში“.
აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერებასა და მათ შესაძლო მონაწილეობაზე კორუფციულ გარიგებებში საუბრობენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ამის შესახებ მათ მედიისთვის არაერთი ანგარიში წარადგინეს.