მთავარისაქართველოპარტიულ სიაში გენდერული კვოტირების წესი შესაძლოა გაუქმდეს

პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების წესი შესაძლოა გაუქმდეს

საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, მხარი დაუჭიროს „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. გენდერული კვოტირების შესახებ არსებული კანონით, პარტიულ სიაში მინიმუმ ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული გენდერის უნდა ყოფილიყო. “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც სთხოვა, მხარი დაუჭირონ გენდერული კვოტირების გაუქმებას, რადგან ეს, მისი თქმით, მორალურად მნიშვნელოვანი საკითხია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, ხოლო „გირჩისგან” მოელიან, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესს პარტიული მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

“საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპებს უმრავლესობა ეთანხმება. ასევე ეთანხმება მის დაჩქარებული წესით განხილვას. სამაგიეროდ, “გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

“არსებული რეალობით გამოდის, რომ ჩვენ ვაღიარეთ, ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში. მინდა, რომ ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს მძიმე, მორალური ტვირთი ქართველ ხალხს მოვხსნათ, თითქოს საქართველოს პარლამენტს ჰგონია, რომ ჩვენი წინაპრები ქალებს ჩაგრავდნენ“, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

“ოპოზიციის სახელით ვერაფერს გეტყვით, “ლელოს” სახელით გეტყვით, მიუხედავად ამისა, როგორ განხორციელდება “ოცნება”-”გირჩის” შეთანხმება, “ლელო” საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას იმ მოდელით წარადგენს, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზითაა დადგენილი… მე ამ პროექტს „გირჩის“ პროექტს ვერ ვუწოდებ – ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი და რომ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განზრახვა, „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა“, – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend