მთავარიევროპაუკრაინაორი წელი ბუჩის გათავისუფლებიდან

ორი წელი ბუჩის გათავისუფლებიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩას გათავისუფლებიდან ორი წლის თავზე დაღუპულთა ოჯახები ქალაქის სასაფლაოზე შეიკრიბნენ. მათ ბუჩას 33-დღიანი ოკუპაციისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„509 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი. რუსებმა განზრახ დახოცეს მოქალაქეები, რომელთაც ცხოვრება, მუშაობა და ოჯახის შექმნა სურდათ. დღეს 272 ჯარისკაცი განისვენებს ჩვენს სასაფლაოებზე. 272 მამა, ძმა და შვილი, რომლებიც შინ არ დაბრუნებულან“, – ამბობს ანატოლი ფედორიკი, ბუჩას მერი.

კატერინა რუდენკო რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული დენის რუდენკოს დედაა. დენისმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გადაწყვიტა თავდაცვის ძალებში გაწევრიანება. ის და სხვა მოხალისეები ბუჩაში რუსული ჯარის შემოსვლისას საგუშაგოზე იმყოფებოდნენ. რუსებმა ის ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

„რამდენჯერ ვუთხარით, რომ ომი სიკვდილია, მაგრამ ის დიდი პატრიოტი იყო. ისიც კი არ ვიცით, როდის წავიდა. როცა მოკლული ბიჭების ფოტოები ვნახეთ, ვერ ვიჯერებდი, რომ მათ შორის ჩემი შვილიც იყო. დაჯერება არ მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ტყვედ ჩავარდა და რუსმა ჯარისკაცებმა აწამეს. ერთი ტყვია ბარძაყში მოხვდა, მეორე მუცელში, მესამე კი – თვალში”, – ამბობს კატერინა რუდენკო.

რუსეთის არმია ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შევიდა. 31 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ბუჩაში რუსმა სამხედროებმა 9000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, მოკლეს 1400-ზე მეტის სამოქალაქო პირი, მათ შორის, 37 ბავშვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend