მთავარისაქართველო“ომის საშინელებანი” - გია ბუღაძის თანაგრძნობა უკრაინას

“ომის საშინელებანი” – გია ბუღაძის თანაგრძნობა უკრაინას

„ომის საშინელებანი“- ასე ჰქვია მხატვარ გია ბუღაძის გამოფენას, რომელიც 29 მარტს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა. გამოფენა უკრაინელ გმირებს ეძღვნება.

როგორც გია ბუღაძე ამბობს, ნამუშევრების შექმნის მთავარ მიზეზს უკრაინელების მიმართ თანაგრძნობა წარმოადგენს. მხატვრულ ნამუშევრებში ჩაქსოვილია უკრაინისა და საქართველოს გადარჩენის, საკუთარ სამშობლოში ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრების სურვილი. გია ბუღაძე ასევე ამბობს, რომ ნამუშევრების შექმნისას, იგი შეეცადა, გადმოეცა უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის მასშტაბები, თუმცა ამავდროულად ის იმედიც, რომელიც ნანგრევებში, დარბეულ სახლებსა და მიწასთან გასწორებულ ქალაქებში იჩენს თავს. გამოფენა 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

“ჩემი ქვეყნის ოკუპაციასა და უკრაინაში ომზე უფრო მეტად რა უნდა მტკიოდეს, როდესაც ხედავ, თუ როგორ ცდილობს ბოროტება სიკეთის, თავისუფლების, ადამიანების სიცოცხლის განადგურებას, ქალაქების ნანგრევებად ქცევას. ამან ძალიან ამაღელვა… უკრაინაში ჩემი სიძე იბრძოდა, იქ დაიჭრა. ამანაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. სწორედ ასე დავიწყე ნამუშევრებზე მუშაობა. შემდეგ ვკონცენტრირდი კონკრეტულად რამდენიმე ქალაქზე, ოღონდ ჩემი წარმოსახვით. ყველა ნამუშევარში მაქვს ორი ხედვა, ან ინტერიერში ვიყურები, ან ინტერიერიდან. უცებ კი აქ ყვავილები ჩნდება. რატომ? თითქოს იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში სიცოცხლე მაინც განახლდება და ყველაფერი აღდგება“, – ამბობს გია ბუღაძე.

ერთი ნახატი გამოფენაზე გარდაცვლილთა სულებს ეძღვნება. გია ბუღაძე ამბობს, რომ ყველა ეს ნამუშევარი თანაგრძნობისა და თანადგომის გამოსახატად შეიქმნა. მთავარი კი რისი თქმაც სურდა, სიკეთისა და სამართლიანობის გამარჯვებაა.

„მნიშვნელოვანია გამოფენის სახელწოდებაც. სახელიდან გამომდინარე ეს გოიას ომის საშინელებათა სერიასთან გადაძახილს ქმნის. ვფიქრობ, რომ ეს არის ის ტრაგედია, რომელიც სისტემას დაპირისპირებულ ადამიანს, ერს დაატყდება თავს.

ვფიქრობ, გია ბუღაძის გამოფენის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ ყოველივე ეს საზოგადოებამ დაინახოს ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მთელი სისრულითა და სიმძაფრით. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს გამოფენა”, – განაცხადა ხელოვნებათმცოდნე თამარ ბელაშვილმა.

ერთ ნამუშევარზე კი, მოულოდნელად, ამ სიტყვებს ვკითხულობთ: „დაიცავი იერუსალიმის კედლები“… როგორც გია ბუღაძე განმარტავს, იერუსალიმში ზოგადად ადამიანის საცხოვრებელი, ქალაქი იგულისხმება და როდესაც ქალაქს გართმევენ და თავს გესხმიან, ირღვევა დაცულობის იდეა. გამოფენის ერთ-ერთ სათქმელსაც სწორედ ეს წარმოადგენდა – დაცვა… დაცვა მშობლიური ქვეყნის, ქალაქისა თუ სახლის…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend