“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
კვლევის ავტორების თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება სასამართლო აქტებზე დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხი. ეს ეხება როგორც საჯარო ინფორმაციის სახით მიღებას, ისე ელექტრონულად საჯარო დაწესებულებების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის თავის ვებგვერდებზე განთავსებას.
ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს ყველა საერთო სასამართლომ მათი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაზე უპასუხოდ დატოვა და მას შემდეგ, რაც მათ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს, 2024 წლის 26 მარტის მდგომარეობით, ინფორმაცია რვა სასამართლომ გასცა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დრომდე საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე აქტების გამოქვეყნება არ განახლებულა, ხოლო საერთო სასამართლოების სისტემიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთადერთია, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებს მისივე ვებგვერდზე ათავსებს. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს” აქვს რეკომენდაციები სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. მათი თქმით, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა უზრუნველყოს სასამართლო აქტების დროული ხელმისაწვდომობა, როგორც საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის, ისე მათი ელექტრონულად გამოქვეყნების თვალსაზრისით. ანგარიშში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს, ან შეცვალოს სასამართლოს აქტების ელექტრონულად გამოქვეყნების წესი. ხოლო საერთო სასამართლოებმა უარი უნდა თქვან კონსტიტუციისა და ორგანული კანონის მოთხოვნების სისტემურ დარღვევაზე და დაიწყონ სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.