მთავარისაქართველო32 წლის შემდეგ

32 წლის შემდეგ

„ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში დაგვირეკა, მალე დავბრუნდებიო. 31 წელზე მეტი გავიდა და დაბრუნდა“, – ამბობს ნათია ხოშტარია, დაღუპული მებრძოლის შოთა ხოშტარიას ძმისშვილი.

32 წელი ელოდებოდა ნათია უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბიძას. სჯეროდა, რომ თავის ქალაქში ცოცხალი დაბრუნდებოდა.

28 მარტს თბილისში ოკუპირებული აფხაზეთიდან 12 ცხედარი ჩამოასვენეს. 5 მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე. იქ, სადაც  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სხვა გმირებიც განისვენებენ.

„ ერთ უბანში ერთად ვიზრდებოდით. მაგრამ აფხაზეთში ერთად არ წავსულვართ, ის ჩემ მერე წავიდა ომში. ბრძოლის ველზე გავიგე, რომ ჩემს ორ მეგობართან ერთად დაიღუპა. ის ჩემი ორი მეგობარიც აქ დავკრძალეთ, დღეს კი რამაზი მივაბარეთ მიწას. რამაზს არავინ არ ჰყავდა. მისი ოჯახის წევრები რომ ვერ მოიძიეს, მე დამიკავშირდნენ გუშინ“, – ამბობს გიორგი ხოკერაშვილი.

„წავიდა სამშობლოს დასაცავად, თავიც შესწირა. 32 წელი ველოდებოდით… გულზე ცოტათი მოგვეშვა. ჩვენი შოთას დაბრუნებისთვის მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ძალიან ერთგული და კეთილი  ადამიანი იყო… 32 წელი გულით ვატარებდი ამ ქვას. როცა მისი ცხედრის პოვნის ამბავი გავიგე, არ ვიცოდი მეტირა თუ გამხარებოდა“, – თქვა ზაზა ხირდაევმა, აფხაზეთში დაღუპული შოთა ხოშტარიას ოჯახის წევრმა.

32 წლის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში 9000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, 1800-ზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, 2010 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან 285 ცხედარი ჩამოასვენეს.

სხვა დაკარგულებს კი ოჯახის წევრები და ახლობლები დღემდე ეძებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend