მთავარიმსოფლიოევროპაამერიკელი ჟურნალისტის საქმე

ამერიკელი ჟურნალისტის საქმე

ამერიკული გაზეთის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობაშია ბრალდებით დააკავეს, კვლავ პატიმრობაში რჩება.

32 წლის ამერიკელი ჟურნალისტი „ლეფორტოვოს“ ციხიდან სასამართლომდე ხელბორკილებით მიჰყავთ. პროცესი ყოველთვის დახურულია. მისი საჩივრები ყოველთვის უარყოფილია და გისოსებს მიღმა ყოფნის ვადა ყოველთვის უხანგრძლივდება.

26 მარტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერშეკოვიჩს წინასწარი პატიმრობა მინიმუმ 30 ივნისამდე გაუხანგრძლივდა.

გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ გერშკოვიჩი აშშ-ის დაკვეთით საიდუმლო მონაცემებს აგროვებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ.

კერძოდ, რომელ საწარმოზეა საუბარი, გასაიდუმლოებულია. კრემლმა განაცხადა, რომ გერშკოვიჩის წინააღმდეგ მოიპოვება სამხილები, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე.

ამერიკელი ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ამბობენ, რომ მიუხედავად რთული გარემოებებისა, ევანი მხნედ არის და იმედს არ კარგავს, რომ დროულად დააღწევს თავს რუსეთის ციხეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი ჟურნალისტის  გათავისუფლებას ითხოვს, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განიხილავს პატიმრების გაცვლის საკითხსაც – ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი, რომელიც ევან გერშკოვიჩის სასამართლოს ბოლო მოსმენას ესწრებოდა აცხადებს, რომ ჟურნალისტის  წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „მოგონილია“ და „კრემლი ამერიკელ მოქალაქეებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend