31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. თურქეთის მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ თურქეთის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”, რომლის ლიდერიც თავად არის, პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩება.
თავად ერდოღანი მარტის არჩევნებში უშუალოდ არ მონაწილეობს, მაგრამ მისი პარტია ანკარასა და სტამბოლში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თურქეთის უდიდესი ქალაქების მუნიციპალიტეტებს ამჟამად ოპოზიცია უდგას სათავეში. სტამბოლში 2019 წელს გამართული არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.
ერდოღანი სტამბოლის მუნიციპალიტეტს 1994-1998 წლებში ედგა სათავეში. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტისთვის ეს არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება.
„ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის გამო არჩევნების შედეგების ორი მესამედი წინასწარ არის ცნობილი. ჩვენ ვიცით, რა მოხდება დიარბაქირში, მარდინსა და კიდევ სხვა რამდენიმე ქალაქში. 30 ყველაზე დიდ მუნიციპალიტეტში, სადაც 75% თურქეთის მოქალაქეა, ჩვენ უკვე ვიცით შედეგები. სტამბოლია ყველაზე მთავარი, რადგან აქ თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს. ეს ქალაქი უზარმაზარია და ადგილობრივ მთავრობას ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ბიუჯეტიდან 10 ან 15 მილიარდ დოლარს აკონტროლებენ“,- ამბობს პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი ემრე ერდოღანი.