მთავარიმსოფლიოუკეთესი ცხოვრების ძიებაში - დაღუპული მიგრანტების სტატისტიკა

უკეთესი ცხოვრების ძიებაში – დაღუპული მიგრანტების სტატისტიკა

წლების წინ ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის სანაპიროებთან, ორი გემი ჩაიძირა. 600 მიგრანტის დაღუპვამ მსოფლიო შეძრა. სწორედ ამის შემდეგ გაეროს მიგრაციის სააგენტომ კონფლიქტების, დევნისა და სიღარიბის გამო დაღუპულ ან დაკარგულ ადამიანთა აღრიცხვა დაიწყო.

“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” ახალი მოხსენება 26 მარტს გამოქვეყნდა. მოხსენების მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 63 000 მიგრანტი. 2023 წელს მიგრანტთა დაღუპვის მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ აღრიცხულია მხოლოდ გარდაცვლილთა ნაწილი და ინფორმაციის მოპოვებისა და გადამოწმების სირთულის გამო ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია. აღნიშნულია ისიც, რომ მსხვერპლთა ორ მესამედზე მეტი ამოუცნობი რჩება.

„მაჩვენებლები საგანგაშოა. ჩვენ ვხედავთ, რომ ათი წლის შემდეგაც ადამიანები უკეთესი ცხოვრების ძიებაში იღუპებიან. გასული წელი ყველაზე რთული იყო.
2023 წელს 8500 მიგრანტი დაიღუპა. ამას არაერთი მიზეზი აქვს. დაღუპულთა უმრავლესობა წყალში დაიხრჩო. მხოლოდ ხმელთაშუა ზღვაში ბოლო ათი წლის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ან გაუჩინარდა“, – ამბობს ხორხე გალინდო, “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” გლობალურ მონაცემთა ინსტიტუტის წარმომადგენელი.

იმ მსხვერპლთა შორის, რომელთა იდენტიფიცირებაც “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ” მოახერხა, ყოველი მესამე ცდილობდა ომსა და კონფლიქტს გაჰქცეოდა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაადგილებისა და თავშესაფრის მიღებისთვის უკეთესი შესაძლებლობები იარსებებს. ამ ადამიანების ნაწილი დევნის მსხვერპლია, ნაწილი კლიმატურ ცვლილებებს გაურბის. ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ უკეთეს სამუშაოს ეძებს. განურჩევლად მიგრაციის სტატუსისა, ჩვენ მათი სიცოცხლე უნდა დავიცვათ, უნდა დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს ზღვასა თუ უდაბნოში“, – აღნიშნავს ხორხე გალინდო.

მსოფლიოს მთავრობებმა არაერთხელ დადეს პირობა, რომ მიგრანტების სიცოცხლეზე მეტად იზრუნებდნენ, თუმცა “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” დაკარგულ მიგრანტთა პროექტის ახალმა მოხსენებამ ცხადყო, რომ მიგრანტებისთვის მსოფლიო დღეს კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ოდესმე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend