მთავარიევროპარუსეთიპუტინი კვლავ ეძებს უკრაინის კვალს ტერაქტში

პუტინი კვლავ ეძებს უკრაინის კვალს ტერაქტში

ჯერ კიდევ ცნობილი არ არის, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს მოსკოვში. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, თუმცა ვლადიმერ პუტინი უკვე ფიქრობს, თუ როგორ ისარგებლოს ამ ვითარებით.

პარასკევს ღამით განხორციელებულმა თავდასხმამ 139 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ტერორისტული აქტი იყო რუსეთში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას პუტინმა “ისლამური სახელმწიფოს” ხსენებისგან თავი შეიკავა და მიანიშნებდა ტერაქტში კიევის ჩართულობაზე.

„ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები სხვადასხვა გზით ცდილობს, დაარწმუნოს მისი სატელიტი სახელმწიფოები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში არ არის კიევის ჩართულობა და რომ ტერაქტი ჩაიდინეს “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა. ეს ორგანიზაცია აკრძალულია რუსეთში. ჩვენ ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს ბოროტება რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, გვინდა ვიცოდეთ, ვინ არის ამ ბოროტების დამკვეთი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კრემლი კვლავ ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებაში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში ლეგიტიმაციის მოპოვებას და უკრაინის ხელისუფლების ნაცისტებად წარმოჩენას.

„ეს ბოროტება შეიძლება იყოს მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მცდელობების მთელი სერიიდან, რომლებიც 2014 წლიდან ჩადენილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ხელით. ნაცისტები, როგორც ცნობილია, არასდროს ერიდებიან ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებას თავიანთი მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით დღეს, როდესაც სრულიად ჩაშლილია მათი შეუფერებელი მოლოდინებით დაგეგმილი კონტრშეტევა. ეს ყველამ აღიარა. არავინ ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი ცდილობს ტრაგედიის თავის სასიკეთოდ გამოყენებას. 1999 წლის სექტემბერში, როდესაც პუტინი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, აფეთქების სერია იყო რუსეთის ბევრ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად ადანაშაულებდა ეთნიკურ ჩეჩნებს, ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ ეს უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილი ოპერაციაა. მაშინ პუტინმა ეს მოვლენები გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის და ომი გამოუცხადა ჩეჩნეთს. ასე ცდილობდა პუტინი საკუთარი თავი ძლიერ ლიდერად წარმოეჩინა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, გაიმარჯვა 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ სხვადასხვა მეთოდით კვლავ ინარჩუნებს ხელისუფლებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend