25 მარტს, გაერომ ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს გაეროს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
შეერთებულმა შტატებმა კი თავი შეიკავა, თუმცა არც ვეტოს უფლება გამოუყენებია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვაშინგტონში მრჩევლების ვიზიტი გააუქმა.
თუმცა, არ გაუქმებულა ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის შეხვედრა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივათან. ეს შეხვედრა ვაშინგტონშია დაგეგმილი.
I was pleased to welcome Israeli Minister of Defense Yoav Gallant to the White House today. We had a constructive discussion on how best to ensure Hamas' lasting defeat in Gaza.
— Jake Sullivan (@JakeSullivan46) March 25, 2024
თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ისრაელის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება, საკუთარი მრჩევლების ვიზიტის გაუქმების შესახებ ვაშინგტონში გასაკვირი იყო.
,,პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს რეზოლუცია სავალდებულო არ არის. რეალურად, ამ დოკუმენტს ვერ ექნება გავლენა ისრაელის ქმედებებზე. ეს დოკუმენტი ვერ შეზღუდავს ისრაელის შესაძლებლობებს, ებრძოლოს „ჰამასს“. ასევე, ეს რეზოლუცია არ გულისხმობს ჩვენი პოლიტიკის ცვლილებას“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველმა ჯონ კირბიმ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ აქვს მორალური უფლება, შეწყვიტოს ,,ჰამასთან” ომი, ვიდრე ღაზის სექტორში ისრაელელი მძევლები ჰყავთ დატყვევებული.
გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს, იმ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია თელ–ავივში განსაკუთრებით იმ მოქალაქეებმა გააკრიტიკეს, რომელთა ოჯახის წევრები და ახლობლები ან კვლავ მძევლები არიან, ან „ჰამასის“ ტყვეობა უკვე გამოიარეს.
მძიმე ვითარებაა ღაზის სექტორში. იქ უკვე თვეებია, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელმა ღაზის ქალაქები – რაფაჰი და დეირ ალ-ბალაჰი დაბომბა, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.https://t.co/gpT9wGIFWe
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 25, 2024
სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში ხალხი ცეცხლის არა დროებით, არამედ სამუდამოდ შეწყვეტას ითხოვს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში 32 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. ამა წყაროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა უკვე 74 000-ზე მეტია.