ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არაკონკურენტული გარემოს შექმნის გამო, ევროკავშირმა გამოძიება დაიწყო „მეტასთან”, „ეფლისთან“ და კომპანია „ალფაბეტთან“ დაკავშირებით, რომელიც ფლობს კომპანია „გუგლს“.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა დაარღვიეს ევროპული კანონი ციფრული ბაზრების შესახებ, რომელიც 2022 წელს წარადგინეს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ტექკომპანიები საკმარისად არ ასრულებენ მოთხოვნებს, მათ ემუქრებათ დიდი ჯარიმები, რაც თითოეული ტექკომპანიის წლიური ბრუნვის 10% იქნება.
ევროკავშირის კანონი ციფრული ბაზრის შესახებ დომინანტ ონლაინპლატფორმებისგან ითხოვს, რომ მათ მისცენ მომხმარებლებს უფრო მეტი არჩევანის გაკეთების საშუალება, ხოლო ტექნოლოგიურ კონკურენტ კომპანიებს კი უფრო მეტი საშუალება შესთავაზონ მომხმარებლებს სერვისები.
ამჟამად ეს ეხება 3 კომპანიას, ამავე კანონის დაცვა ასევე ევალება კომპანია ამაზონს, მაიკროსოფტს და ბაიტდენსს, რომელსაც ეკუთვნის „ტიკოტოკი“. მიმდინარე წლის მაისიდან სიაში ასევე შეიძლება შევიდეს იქსი, ანუ ყოფილი ტვიტერის და ბუქინგი.
ევროკავშირში ამ კომპანიებს მიიჩნევენ ე.წ. გეითქიფერებად. ეს სიტყვა გამოიყენება იმ კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც დომინირებენ ბაზარზე და პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მომხმარებლის არჩევანს თუ რა აპლიკაციაზე ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მას წვდომა.
ციფრული ბაზრის შესახებ კანონის მთავარი მიზანია, რომ შეიცვალოს ტექნოლოგიური კომპანიების დამოკიდებულება სხვა დეველოპერი კომპანიების მიმართ.