დონეცკის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
უკრაინაში დასახლება ავდიივკის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ფლანგებზე საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება…
თუმცა თანდათან საბრძოლო მოქმედებების ახალი სიმძიმის ცენტრიც იკვეთება. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე, დასახლება ჩასივ იარის, მიმართულებით. როგორც ანალიტიკური პორტალი იუწყება, ჯერჯერობით ამ დასახლებას ალყაში მოქცევის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებაზე წარმატებული იერიშის შემთხვევაში რუსეთის საოკუპაციო არმია მნიშვნელოვან პლაცდარმს შექმნის მომდევნო იერიშებისთვის.
Russian forces are reportedly approaching the outskirts of Chasiv Yar, Donetsk Oblast but are unlikely to threaten the settlement with encirclement or seizure in the coming months. https://t.co/HwJC2HX0mL pic.twitter.com/vzzxuxFqLN
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) March 24, 2024
გასული კვირის მონაცემები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებასთან მიმართვის დროს შეაჯამა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება კვლავ პრიორიტეტად რჩება კიევისთვის. ამ მიზნით ესპანეთის მთავრობასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„გასული კვირის ორშაბათიდან დღემდე რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 190 რაკეტა, ასევე „შაჰიდის“ სისტემის 140-ამდე დრონი და 700-ამდე მართვადი საავიაციო დრონი. ომი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს, ამ დროის განმავლობაში ერთი კვირაც არ ყოფილა, რომ რუსეთს თავი შეეკავებინა ტერორისგან.
პარტნიორებთან ურთიერთობის მხრივ ეს კვირა შედეგიანი აღმოჩნდა. ევროკავშირმა უკრაინისთვის დაამტკიცა 5 მილიარდი ევრო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს თავდაცვას. მეტიც, ევროკავშირიდან ახალი მაკროფინანსური ტრანში 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ასევე გადაწყვეტილია სავალუტო ფონდის ახალი დახმარება – თითქმის 900 მილიონი დოლარი. კანადამ უზრუნველყო 2 მილიარდი კანადური დოლარით მხარდაჭერა. კარგი შედეგებია თავდაცვის როგორც მიღებული, ისე ახალგამოცხადებული პაკეტების თვალსაზრისითაც. მათ შორისაა არტილერია, დრონები და ჯავშანტექნიკა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ორი სადესანტო ხომალდი „იამალი“ და „აზოვი“ დააზიანეს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ამ იერიშის დროს ბრიტანული „შტორმ შედოუს“ სისტემის რაკეტები გამოიყენა.
გრძელდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე უკრაინული იერიშები, მათი სამიზნე სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია.
ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი კვლავ იუწყება, რომ ბელგოროდზე თავდასხმა გრძელდება. ამაზე წერენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც და აღნიშნავენ, რომ ბელგოროდის ოლქში იერიშების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მათ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების დახმარებით, წარმატებით მიიტანეს იერიში რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში სხვადასხვა სამხედრო სამიზნეზე. დაღუპულია 20-ამდე ოკუპანტი.