“მაისის სტუდენტური მოძრაობა” სხვადასხვა უნივერსიტეტთან აქციებს მართავს. მათ სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა და სახელმწიფო სტიპენდიების გაზრდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი უკვე ორი წელია აქტიურად ითხოვენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, თუმცა მათი მოთხოვნები დღემდე დაუკმაყოფილებელია.
„ხელისუფლება როგორც ყოველთვის იმალება და თავს არიდებს მის სოციალურ პასუხისმგებლობას. სტუდენტებთან მიმართებითაც არ მიმართავენ განსხვავებულ მეთოდებს. რა თქმა უნდა, აღიარებენ, რომ სტუდენტური საცხოვრისის პრობლემა არის, მაგრამ ვხედავთ მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს… აუცილებელია, რომ გეგმურად და ეტაპობრივად გაიზარდოს სტიპენდიები. სტიპენდიების საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდა ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა იხსნება. რაც შეეხება განათლების ხარისხს, ჩვენ ვითხოვთ სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნას. რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი მიიღებს შესაბამის განათლებას“, – ამბობს საბა ქერქაძე, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი.
“მაისის სტუდენტური მოძრაობა” 7 აპრილს გეგმავს მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შეეცდებიან სტუდენტების პრობლემებთან ერთად დევნილების, გამოსახლებულებისა და გამოსახლების პირას მყოფი მოქალაქეების პრობლემები წამოჭრან.