რუსეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის ოთხ მონაწილეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სამმა მათგანმა უკვე აღიარა დანაშაული. მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ბოლო ინფორმაციით, მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის დროს, 137 მოქალაქე დაიღუპა, 180 კი დაშავდა. ადგილზე კვლავ მუშაობენ სამაშველო-სამძებრო ჯგუფები და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები.
ტერორიზმში ბრალდებულებს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლო ასამართლებს. სხდომები დახურულია. პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრებოდა. ოფიციალური ცნობით, ბრალდებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
24 მარტი რუსეთში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელდახელოდ მოწყობილ მემორიალებთან გარდაცვლილები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამაშველო-სამძებრო ჯგუფებმა უკვე დაიწყეს დამწვარი საკონცერტო დარბაზის გაწმენდა და ნანგრევებისგან გასუფთავება.
გამომძიებლები მტკიცებულებებს აგროვებენ. მათი განცხადებით, უკვე ნაპოვნია საბრძოლო აღჭურვილობის ოთხი კომპლექტი, 500 ვაზნა, 28 მჭიდი და კალაშნიკოვის ტიპის ორი ავტომატი. დაწყებულია ცხედრების ამოცნობის პროცესიც, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ ორ კვირას გაგრძელდება.