მთავარისაქართველო“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“- “ქართული ოცნების” ახალი ინიციატივა

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“- “ქართული ოცნების” ახალი ინიციატივა

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მმართველი პარტია ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის. „ქართული ოცნება“ მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის საკითხის შესაძლო პროპაგანდაში გადაზრდის საშიშროებას მიიჩნევს, რასთანაც საკანონმდებლო ცვლილებით დაპირისპირებას აპირებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სახელწოდებით „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ 8 პუნქტს მოიცავს, სადაც განისაზღვრება:

  • ქორწინება – ქალისა და კაცის;
  • არასრულწლოვანის შვილად აყვანა მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილისთვის იქნება დასაშვები;
  • აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • საჯარო დოკუმენტში მიეთითება მდედრობითი ან მამრობითი სქესი;
  • ბათილი იქნება საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს;
  • აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
  • იგივე აკრძალვა ეხება ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელებას და ასეთი საკითხების საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში გამოყენებას.

ამ საკითხზე მკაფიო შეფასებები და მოსაზრებები საპარლამენტო თუ პარლამენტს მიღმა მყოფი ოპოზიციისგან ჯერ არ ისმის. ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი კი ამბობს, რომ ამ თემის წამოწევა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება და არა ნამდვილ პრობლემებთან გამკლავებას.

“არ ვიცი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რამდენად იქნება შესაძლებელი, რადგან როგორც იცით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც შეწუხებული იყო ამ პრობლემით და ბავშვობაში რამე უბედური შემთხვევა დაემართა ლგბტ პროპაგანდის გავლენით. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ადამიანის ხმა სჭირდება, “ნაცების” მხარდაჭერა აუცილებელია. არ ვიცი “ნაცები” წარმოადგენენ თუ არა ასეთ ადამიანს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენლები და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა”,- განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის 113 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. სავარაუდოდ, მმართველი პარტია ამდენ ხმას ვერ მოაგროვებს. შესაბამისად, კონსტიტუციური ცვლილება დიდი ალბათობით ვერ მოხდება. ამის მიუხედავად „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ რიგ კანონებს მაინც შეცვლიან და ახალი მოწვევის პარლამენტს დაელოდებიან იმ იმედით, რომ წინასაარჩევნოდ დაანონსებული ცვლილებების პაკეტს მომდევნო პარლამენტი მაინც მიიღებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend