ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ რაფაჰსა და დეირ ალ-ბალაჰზე იერიში მიიტანეს, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
რაფაჰში მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ოთხ ადამიანს, რომელთა შორის ორი ბავშვია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 32 000-ს აჭარბებს. ამავე წყაროს ცნობით, მათგან ორი მესამედი ქალი და ბავშვია.
ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაიწყო, როდესაც ,,ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა 1200 ისრაელელი მოკლეს, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.
ამ დრომდე ,,ჰამასის“ ტყვეობაში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.
ღაზის 2 მილიონ 300 ათასი მოსახლიდან საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება 80%-ზე მეტს მოუწია. უმეტესობა თავშესაფარს ეძებს სამხრეთ ქალაქ რაფაჰში, რომელიც ისრაელისთვის სახმელეთო შეტევის მორიგი სამიზნეა.
პრემიერ-მინისტრი, არ იზიარებს შეერთებული შტატებისა და სხვათა პოზიციას, სახმელეთო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ. ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ ეს ოპერაცია ,,ჰამასის“ დამარცხებისთვის გარდაუვალია.
შეერთებული შტატები, კატარი და ეგვიპტე ცდილობენ, კონფლიქტში ჩართულმა ორივე მხარემ მიიღოს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.