კრემლის მოწინააღმდეგე რუსული პარამილიტარისტული ჯგუფები – ნაპერწკალი, რომელსაც რუსეთში დიდი ხანძრის გაჩენა შეუძლია.
ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსული სამხედრო დაჯგუფებების აქტივობებმა. ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა, რომელსაც თან ახლდა სარაკეტო და საარტილერიო იერიშები ქალაქ ბელგოროდსა და კურსკზე, დრონებით კი – ქალაქ მოსკოვზე.
საბრძოლო მოქმედებები რუსეთთან ყველაზე ახლოს უკრაინულ ქალაქ ხარკივთანაა. ბელგოროდისა და კურსკის ოლქების საზღვარი უკრაინასთან დაახლოებით 500 კილომეტრია. უკრაინის საზღვრიდან რუსული ქალაქი ბელგოროდი დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, კურსკი კი – 86 კილომეტრით. მოსკოვსა და უკრაინას შორის ყველაზე მოკლე საჰაერო მანძილი დაახლოებით 440 კილომეტრია. აქვე მოკლედ გეტყვით, რომ გერმანული „ტაურუსების“ მოქმედების მანძილი 500 კილომეტრია. ის ადგილი კი, სადაც ახლა პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე სამხედრო დაჯგუფებები მოქმედებენ, უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 170 კილომეტრითაა დაშორებული.
მოხალისეთა რუსული დაჯგუფებები ბელგოროდიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე იბრძვიან. ეს დასახლებებია: კოზინკა, გრაივორონი, ნოვოსტროევკა, ბეზიმენო და სხვა.
რუსი პოლიტიკოსისა და ბლოგერის მარკ ფეიგინის ინფორმაციით, კიევში გაიმართა რუს მოხალისეთა მხარდაჭერის ფორუმი, რომელზეც რუს ოპოზიციონერებსა და რუს განმათავისუფლებელ ძალებს შორის გაფორმდა მემორანდუმიც, რომელიც ამ მებრძოლების დახმარებას ისახავს მიზნად.
მიმოვიხილოთ სამხედრო დაჯგუფებები. ძირითადად საუბარია სამ ფორმირებაზე. ერთ-ერთი მათგანია „ციმბირის ბატალიონი“, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში 2023 წლიდან ერთვება. ბატალიონი დაკომპლექტებულია რუსეთის აღმოსავლეთ ოლქებში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის მებრძოლებით. ამაზე სახელიც მიუთითებს. წყაროებში არ იძებნება, თუ რა სიდიდის სამხედრო დაჯგუფებაა „ციმბირის ბატალიონი“, თუმცა თავად ბატალიონის წევრები თავიანთ ტელეგრამარხზე წერდნენ, რომ მათი მიზანი იყო, რუსეთის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გაეწვრთნათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბატალიონი მონაწილეობდა ავდიივკის დაცვის ოპერაციებში და როგორც თავად ამბობენ, ახლა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოქმედებენ.
⚡️ Russian liberation forces destroy priority targets on the outskirts of Zhuravlevka one by one and regularly leave Putin’s troops without surveillance systems and communications on the battlefield.
If you want more videos, burning objects, support Legion by donating… pic.twitter.com/1wKQqnjm0p
— “Liberty of Russia” Legion (@legion_svoboda) March 19, 2024
შემდეგი დაჯგუფებაა ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“. ეს ლეგიონი საბრძოლო მოქმედებებს 2022 წლიდან იწყებს. ლეგიონში ამბობენ, რომ მათი რაოდენობა 1000 მებრძოლს აღემატება და რომ აქ ორი დაკომპლექტებული ბატალიონია. მებრძოლების ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია. ამ ლეგიონის წარმომადგენელი, რომელიც ვიდეომიმართვებში ხშირად ჩნდება, ცნობილია სახელით „ცეზარი“. ერთ-ერთ მიმართვაში იგი ამბობდა, რომ იგი სანქტ-პეტერბურგიდანაა. ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ ციმბირის ბატალიონთან ერთად ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოქმედებს.
მესამე აქტიური დაჯგუფებაა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“. ეს დაჯგუფებაც 2022 წლიდანაა ყურადღების ცენტრში. საინტერესოა, რომ დაჯგუფების წევრები იდეოლოგიური კავშირის კუთხით პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილის, მოძრაობა „თეთრი იდეის“ ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ ლარინოვის გზის გამგრძელებლები არიან. არც ამ შემთხვევაში გვაქვს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მებრძოლია ამ დაჯგუფებაში. მნიშვნელოვანია ერთი რამ – საჯაროდ გავრცელებულ ყველა წყაროში წერია, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსი ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.
სხვადასხვა წყარო სხვა დაჯგუფებებსაც ახსენებს. ასეთებია, მაგალითად, „რუსეთის რესპუბლიკური არმია“,“ კარელიის ეროვნული ბატალიონი“. თუმცა ამ დაჯგუფებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ იძებნება.
არსებობდა მოსაზრება, რომ პუტინის მოწინააღმდეგე ეს დაჯგუფებები საბრძოლო მოქმედებებს არჩევნების დასრულების შემდეგ შეწყვეტდნენ, თუმცა ფაქტია, რომ შეტაკებების მასშტაბი კი არ მცირდება, არამედ იზრდება. მკვლევრების თქმით, გამოკვეთილია ბატალიონის მოქმედებების როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მიზნები.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა 19 მარტს განაცხადა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ოლქში 16 ადამიანი დაშავდა და 98 დაიჭრა. ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების ევაკუაციაც განხორციელდა ოლქიდან, თუმცა ეს იძულებით ნაბიჯად არ შეუფასებია.
20 მარტს თავად ამ პარტიზანულმა რუსულმა დაჯგუფებებმა თავიანთ ტელეგრამარხზე გაავრცელეს განცხადება ბელგოროდის გუბერნატორის მისამართით. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ოლქის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს მოსახლეობა ბელგოროდის ოლქიდან, რადგან ისინი კვლავ აქტიურად აპირებენ კრემლის სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანას. ერთი რამ ცხადია, ომი უკრაინას უკვე გასცდა და რუსეთის ტერიტორიაზე გადადის.. მასშტაბებიდან გამომდინარე ეს საბრძოლო მოქმედებები არაა ძალიან დიდი, ნაპერწკალივითაა სხვა საბრძოლო მოქმედებების ფონზე, თუმცა ძლიერი ცეცხლიც ნაპერწკლიდან ჩნდება.
გიორგი თუხარელი