ინტერპელაციის წესით დეპუტატებმა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. მინისტრი პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. დეპუტატებს ილია დარჩიაშვილთან ორი მთავარი კითხვა ჰქონდათ, რამდენად ეძლევათ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი ინფორმირებისთვის.
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც წევრს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ჩართულობა.
რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მილიონამდე ემიგრანტმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
ვფიქრობ, რომ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად ინახავს საქართველოს ეკონომიკას და ყოველდღიურად რიცხავს საქართველოს ბიუჯეტში ფულს და ავსებს საქართველოს ბიუჯეტს, ადამიანები, რომლებმაც საქართველოში დატოვეს შვილები და მშობლები, ასევე ჩვენ შორისაც არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც ეს პრობლემა ეხებათ… ბატონო მინისტრო, მე მაინტერესებს, რამდენად გამართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა იმისთვის, რომ ყველამ ერთად უზრუნველყოთ ამ ადამიანების ჩართულობა საარჩევნო პროცესში“, – მიმართა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მინისტრს.
მინისტრის განცხადებით, უწყება მუშაობს, რომ არა მარტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება გამოიყენონ, არამედ საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებსაც კონკრეტულ ქვეყნებში სთავაზობს საელჩო, ან საკონსულო.
„ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც დროებით საზღვარგარეთ იმყოფება, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე და ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ საზღვარგარეთ. როცა ჩვენ შევძლებთ აღვრიცხოთ მოქალაქეები, ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი და მოვახდინოთ მათი საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა, ეს მოგვცემს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ დავანახოთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება.
გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ არა მარტო საარჩევნო უფლების რეალიზაცია იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მათ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სახელმწიფო სერვისებით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ქვეყნებში სთავაზობს”-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.