მთავარისაქართველომარტში რამდენჯერმე დაფიქსირდა ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება

მარტში რამდენჯერმე დაფიქსირდა ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება

ბოლო ერთ თვეში საქართველოში რამდენჯერმე დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, მათ შორის დედაქალაქში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობამ მოიმატა. ეს მოვლენა სინოპტიკური ცვლილებების გამო პერიოდულად ხდება და ამ დროს უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება ხდება. ბოლოს ასეთი შემთხვევა საქართველოში 13 მარტს იყო, რის შესახებაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა სპეციალური განცხადება. გარდა ტრანსსასაზღვრო ფაქტორისა, ჰაერის დაბინძურებას ბევრი სხვა გამომწვევი მიზეზიც აქვს. ამ დროს ატმოსფეროში იმატებს ისეთი ნივთიერებების კონცენტრაცია, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

21 მარტის 19:00 საათის მონაცემებით, თბილისში, რუსთაველისა და ჯავახეთის ქუჩების გარდა ჰაერის დაბინძურების ხარისხი დასაშვები ნორმის ფარგლებშია. თუმცა პერიოდულად ეს მონაცემები მკვეთრად იცვლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ტრანსსასაზღვრო დაბინძურების გარდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე გავლენას ბევრი სხვა ფაქტორიც ახდენს. უამრავ დამაბინძურებელს შორის სპეციალისტები ყველაზე მნიშვნელოვანზე ამახვილებენ ყურადღებას. ესენია სამრეწველო და სატრანსპორტო დაბინძურება.

„მარტში რამდენიმე დღე ზედიზედ დაფიქსირდა ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. ატმოსფერულ ჰაერში იყო მაღალი კონცენტრაციები, წითლად იყო შეფერილი ის ქალაქები, სადაც მონიტორინგი მიმდინარეობს. ეს დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან. ახლა საბედნიეროდ, ეს დაბინძურება აღარ არის“, – აცხადებს მარინე არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ ზუსტი მონაცემების შეგროვება ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რათა შემდგომ სპეციალისტებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ შემდგომი ნაბიჯებისთვის. საქართველოში ფუნქციონირებს ჰაერზე დაკვირვების მონიტორინგის თანამედროვე სისტემები და ეს ქსელი კიდევ უფრო ფართოვდება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, მათი რაოდენობა ჯერ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის შესახებ სრული მონაცემები შეგროვდეს.

„გამოვკვეთდი აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყაროც არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ადგილზე, სადაც ჩვენი ინდიკატორული გაზომვის სისტემებია განთავსებული, გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც გვაქვს ინტენსიური მოძრაობა, არის აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება. ასეთი ადგილი განსაკუთრებით ბევრი გვაქვს დედაქალაქში“, – ამბობს მარინე არაბიძე.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას. დაბინძურებულმა ჰაერმა ზოგჯერ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები დააზიანოს, მაგალითად, გული, ფილტვი, სისხლძარღვები და სხვა.

„ბოლო მონაცემებით, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 6 მილიონი 700 000 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებით. იმ დაავადებების ნუსხაში, რომლებიც ასოცირებულია ჰაერის დაბინძურებასთან, უნდა აღინიშნოს გულის იშემიური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის სიმსივნეები, ასთმა… არ უნდა დაგვავიწყდეს,შენობის შიდა დაბინძურებაც, სადაც წამყვანი როლი აქვს თამბაქოს მოხმარებას. ასევე მნიშვნელობა აქვს, რას მოვიხმართ გათბობისა და საკვების მოხმარებისთვის“, – ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტი, მკვლევარი თამარ ქაშიბაძე.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ ქალაქებში მცხოვრებთათვის, სადაც საწარმოო ზონებია. ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ ზონებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მონიტორინგს და შემდგომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდეს ჰაერის ხარისხის მართვის ეფექტური გეგმები.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend