უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში, კურსკსა და ბელგოროდში, უკვე რამდენიმე დღეა თავს ზუსტად ისე გრძნობენ, როგორც უკრაინის ქალაქებში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. რუსულ ქალაქებში სროლის ხმა ისმის, ცაში სამხედრო დრონები დაფრინავენ, ქუჩებში კი საარტილერიო ჭურვები ცვივა. სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილი დაკეტილია, მოსახლეობა ევაკუირებული, ვლადიმერ პუტინი კი ადგილობრივ მოსახლეობას სიმამაცისთვის მადლობას უხდის.
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდისა და კურკის ოლქებში უკრაინული არმიის სამხედრო დრონების, საარტილერიო ჭურვებისა და ანტიპუტინისტი რუსი ჯარისკაცების სიმრავლე შეიმჩნევა.
Good morning to all free Russians!
Gorkovsky, Belgorod Oblast, spring 2024, color photo. pic.twitter.com/af8NHs2RtS
— “Liberty of Russia” Legion (@legion_svoboda) March 21, 2024
ორივე ოლქში სასწავლო დაწესებულებები დაკეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამხედრო მოქმედებების შედეგად სამოქალაქო მოსახლეობას შორის დაღუპულები და დაშავებულები არიან, მხოლოდ ბელგოროდის ოლქში 16 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას სიმამაცისთვის მადლობას უხდის და პირობას დებს, რომ თავდამსხმელებს კრემლი დასჯის.
„პირველ რიგში მსურს ჩემი პატივისცემა გამოვხატო მოსახლეობისადმი, ბელგოროდსა და სხვა ოლქებში მცხოვრები მამაცი ადამიანებისადმი. მტერი დაისჯება, შიდა და გარე მტერი. მოქალაქეებს, რომელთაც კერძო საკუთრება დაუზიანდათ, დავეხმარებით. ჩვენს მტრებს შესაბამის პასუხს გავცემთ, მათი ბუნება ნათელია, მხოლოდ ლაჩარი აწევს ხელს მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან 9 ათასი არასრულწლოვანია ევაკუირებული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინის მოსაზღვრე ორ რუსულ ოლქში ბოლო 24 საათში 13 რაკეტა ჩამოაგდეს.