2014 წლის თებერვლის ბოლოს ყირიმში ე.წ. მწვანე კაცუნებმა აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. კრემლმა კი კიევს შეტყობინება გაუგზავნა, რომ თუ უკრაინა ყირიმს არ დათმობდა, მთელი ქვეყნის დათმობა მოუწევდა.
უკვე ორ წელზე მეტია, რაც რუსები და უკრაინელები ფრონტის მოწინააღმდეგე მხარეზე დგანან. ზოგისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, რომ ეს ორი ერი ოდესღაც ძმებად აღიქვამდნენ ერთმანეთს, თუმცა არც ისე ღრმა წარსულში იყო, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში უკრაინაში ტარდებოდა. მაშინ რუსი და უკრაინელი ქომაგები გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ. ევროპის ჩემპიონატიდან ორ წელიწადში ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სრულად ჩამოშლილი იყო და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა დღეს წარმოუდგენელი ჩანს.
ურთიერთობები ერთ დღეს არ გაფუჭებულა… საბაბი უკვე იყო უკრაინაში პროდასავლური გამოსვლა, ხოლო ქვეყნებს შორის უმძიმესი მტრობის დღეები რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. 2013 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან დიდი ხნის ნანატრი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და მის სანაცვლოდ რუსეთის ეკონომიკურ გაერთიანებასთან დაახლოება ამჯობინა. ამ მოვლენამ შეაჩერა უკრაინის პროევროპული ტრაექტორია და ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში დატოვა. შეთანხმების ხელმოწერაზე მისმა უარმა პროტესტი გამოიწვია მთელ ქვეყანაში, ყველაზე დიდი დემონსტრაცია კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა.
საპროტესტო აქციები გარდაიქმნა რევოლუციად, რომელიც 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დამთავრდა.
მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა დატოვა ქვეყანა, რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უკრაინაში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა და ქვეყანაში შიდა არეულობის გზით სცადა საკუთარი გავლენის აღდგენა. კიევში პროდასავლურ დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ პრორუსი გამომსვლელები. ჯგუფებს შორის შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთში განსაკუთრებით მწვავე იყო. მოვლენების რადიკალური ესკალაცია მოხდა 27-28 თებერვალს, როდესაც ყირიმში გამოჩნდა ათასობით შეიარაღებული ჯარისკაცი უცნობ მწვანე ფორმაში. ისინი უკრაინის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ბაზების გვერდით გამოჩნდნენ, თუმცა ყირიმში არსებულმა უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა კიევის დროებითი მთავრობის ბრძანებით ტყვიის გასროლის გარეშე დატოვეს ნახევარკუნძული. ბევრი სამხედრო მოსამსახურე ათასობით პოლიციელსა და ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად შეუერთდა პრორუსულ “მთავრობას”.
Today is the Day of Resistance to the Occupation of Crimea.
Since February 26, 2014, much has changed, and everyone is aware of how these enormous changes have unfolded. We can put an end to this war on our Ukrainian terms. We can liberate our lands and people from the… pic.twitter.com/lQ99QZI4LG
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 26, 2024
მომდევნო კვირების განმავლობაში ყირიმში მკაცრი კონტროლის ქვეშ ჩატარდა პლებისციტი, რომელშიც მოსახლეობის 96%-მა მხარი დაუჭირა ყირიმის უკრაინასთან გაერთიანებას. რეფერენდუმიდან ორ დღეში პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ყირიმის ანექსიის შესახებ და მას შემდეგ ნახევარკუნძული რუსეთის საოპერაციო ბაზად გადაიქცა. თავის საზეიმო მილოცვაში პუტინმა აღიარა რუსული სპეცრაზმების ჩართულობა ყირიმის აღებაში.