„მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. თავის გამოსვლაში მინისტრმა გასული წლის მიღწევებზე ისაუბრა და გატარებულ რეფორმებზე გააკეთა აქცენტი. მან ყურადღება გაამახვილა ახალი სამაშველო-სახანძრო ვერტმფრენების შეძენაზე. დეპუტატებმა მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა შეაფასეს. ოპოზიციის მოსაზრებები უწყების საქმიანობის მიმართ კრიტიკული იყო. პარლამენტში ასევე ისაუბრეს ფემიციდზე, ნარკოდანაშაულსა და კრიმინალურ დანაშაულთა სტატისტიკაზე.
ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, რაც რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დადებითად შეაფასა.