რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით, სამშაბათს ღამით რუსული მხარე S-300 ტიპის რაკეტებით დონეცკის რეგიონში სელიდოვეს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაშავდა 4 მოქალაქე.
ადგილზე მომუშავე ექსპერტები ადასტურებენ, რომ ნაპოვნია S-300-ის ტიპის რაკეტების ნაწილები. პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რა ზიანი მიადგა კერძო სექტორს. თავდასხმის შედეგად 20-ამდე სახლი და 4 ავტომობილი განადგურდა. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა თავდაცვის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, დახმარება მოიცავს მათთვის საჭირო საარტილერიო ჭურვებსა და დანადგარებს.
The Ukraine Defense Contact Group, also known as the Ramstein group, held a productive meeting today. These are the countries supporting Ukraine’s defense and protection from Russian terror.
Ukraine's Defense Minister Umerov attended, and I am looking forward to his detailed… pic.twitter.com/iSTU7RG1dj
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 19, 2024
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან ჩეხეთის ინიციატივას საბრძოლო მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტად ისევ რჩება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, ელექტრონული დანადგარები და დრონები.
რუსეთში, ბელგოროდის რეგიონზე, დრონებით განხორციელებული თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგოროდისა და მეზობელი ვორონეჟის რეგიონების თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. დაშავებულთა და მიყენებული ზიანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო დროს უკრაინას სულ უფრო ხშირად მიაქვს იერიში რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საწვავის საცავებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რითაც იზრდება როგორც დაძაბულობა საზღვრისპირა რეგიონებში, ისე პოლიტიკური წნეხი ვლადიმერ პუტინზე.