„ფრანგული არმია მზადაა!“ – ეს განცხადება საფრანგეთის არმიის შტაბის უფროსმა ფრანგულ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნა. მისივე თქმით, საფრანგეთის არმია მზადაა ქვეყანაზე ნებისმიერი შეტევის მოსაგერიებლად.
გადაწყვეტილება არაა მიღებული. თუმცა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ პარიზი უკვე ამზადებს 2000 სამხედროს სწორედ უკრაინაში გასაგზავნად. ამ ფაქტს გამოეხმაურა საფრანგეთის თავდაცვის უწყებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კრემლი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას.
ცნობილია, რომ ემანუელ მაკრონის ამ განცხადებას საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებშიც უკმაყოფილება მოჰყვა და ამის გამო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკეს. როგორც ჩანს, კრემლი მაინც ვერ მალავს მღელვარებას. როგორც საგარეო დაზვერვის მეთაური აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სამხედროები უკრაინაში აღმოჩნდებიან, ისინი კრემლისთვის პრიორიტეტული სამიზნეები გახდებიან. როგორც მკვლევრები საუბრობენ, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ფრანგი სამხედროები შესაბამისად იქნებიან აღჭურვილი.
Pour un soutien efficace et durable : réunion du Groupe de contact sur la défense de l’Ukraine, à Ramstein.
Travail concret sur les initiatives annoncées par @EmmanuelMacron à Paris : co-production de matériels en 🇺🇦, frappes longue portée, munitions, cyberdéfense… pic.twitter.com/PJSTvAOKfW
— Sébastien Lecornu (@SebLecornu) March 19, 2024
ჯერ კიდევ იანვარში დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსმა პატრიკ სანდერსმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთიც უნდა მოემზადოს სახმელეთო ოპერაციების შესასრულებლად. შვედეთის არმიის მეთაურმაც ახსენა ამ კონტექსტში ომი და განაცხადა, რომ შვედეთი მენტალურად უნდა მოემზადოს ამისთვის. ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ძალის დაპირისპირება შეაჩერებს კრემლის სამხედრო მოქმედებებს.
ამ დროისათვის ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინის მხარეს ომში ბევრი ფრანგი დაქირავებული მებრძოლი მონაწილეობს. მათივე მტკიცებით, ახლახან ათობით მათგანი დაიღუპა ქალაქ ხარკივთან. ექსპერტების შეფასებით, ისინი მოხალისეები არიან. და თუ ნატოს სამხედროები უკრაინაში ფრონტზე მართლაც გამოჩნდებიან, სამხედრო მოქმედებები სხვა განზომილებაში გადავა.