“თუ გვსურს მშვიდობა, უნდა ვემზადოთ ომისთვის” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აქვეყნებს ოპედს, სადაც ახალი გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე ევროკავშირის ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
შარლ მიშელს მიაჩნია, მიმდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად ევროპა უნდა გადავიდეს საომარ ეკონომიკაზე და გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები.
At this crucial moment in global history, Europe must be defence ready & match the urgency of the threat.
We can no longer count on others or be at the mercy of election cycles. A stronger EU will also contribute to a stronger NATO alliance and enhance our collective defence.…
— Charles Michel (@CharlesMichel) March 18, 2024
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღარ უნდა იყვნენ დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე.
“თუ ჩვენ სწორად არ ვუპასუხებთ გამოწვევებს და საკმარისად ვერ დავეხმარებით უკრაინას შეაჩეროს რუსეთი, მაშინ ჩვენ ვიქნებით შემდეგი”, – წერს შარლ მიშელი.
18 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფენ. ბოლო დროს ევროპელი ლიდერები აქტიურად საუბრობენ ევროპული ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებაზე. მათ არაერთხელ მიუთითეს იმ საფრთხეზე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი მორიგი სამიზნე შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნები გახდნენ. ლიდერების შიშს კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკის მომავალი არჩევნები და დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვება. ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა არაერთხელ ეჭვქვეშ დააყენა ერთგულება ნატოს მეხუთე მუხლისადმი და თქვა, რომ ამერიკა არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც ცოტას იხდიან საკუთარი თავდაცვისთვის.