სერგო ფარაჯანოვის ფილმები დღეს ძველებურად იწვევს აღფრთოვანებას. ახალი თაობის წარმომადგენლები კი განსაკუთრებული ინტერესით ეცნობიან ყველაფერს, რაც მის შემოქმედებას უკავშირდება.
და აი, თბილისში რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართა, რომელიც ლეგენდარული სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის “ბროწეულის ფერის” მიხედვით არის შექმნილი.
სპექტაკლი საქართველოში სომხეთისა და საფრანგეთის საელჩოების, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის პარტნიორობითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.
სცენაზე ჰიპ–ჰოპისა და ტრადიციული კავკასიური ცეკვის უცნაური შერწყმა, ხალხური და ელექტრონული მუსიკის ერთობლიობა უჩვეულო გარემოს ქმნიდა.
ეს დადგმა ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.
სპექტაკლის ქორეოგრაფი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევარი ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს შესძენს.
როგორც საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ამბობს, სპექტაკლი სიმბოლოა იმ კულტურული მრავალფეროვნებისა, რომლითაც ასე განთქმულია თბილისი.
„ეს წარმოდგენა თანამედროვეობისა და ტრადიციულის, დასავლეთისა და კავკასიურის, ელექტრონული მუსიკისა და ტრადიციულის, ჰიპ–ჰოპისა და ტრადიციული კავკასიური ცეკვისა და მუსიკის ერთობლიობაა. სპექტაკლი კულტურული მრავალფეროვნების სიმბოლოა“, – ამბობს შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ამბობს, რომ სერგო ფარაჯანოვი მისი შემოქმედებით არ მხოლოდ საქართველოსა და სომხეთის, არამედ მთელი მსოფლიოს შვილია.
„ეს ღონისძიება ორი ქვეყნის – სომხეთისა და საქართველოს მეგობრობის გამომხატველია. როგორც მე ვთვლი, ფარაჯანოვი არ იყო მხოლოდ სომეხთა და ქართველთა შვილი, ის ამავე დროს იყო უკრაინელთა შვილიც. და საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ის იყო საერთაშორისო მასშტაბის ადამიანი. იმიტომ რომ მისი შემოქმედება ეძღვნება და ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. მისი შემოქმედება არანაირ საზღვრებში არ შეიძლება მოთავსდეს“, – მიიჩნევს აშოტ სმბატიანმა.
სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი მურად მერზუკია. ის ამბობს, რომ სპექტაკლი ორი ქვეყნის – ქართული და სომხური კულტურით არის შთაგონებული, იქნება ეს მუსიკა თუ კოსტიუმები.
„ეს სპექტაკლი, ,,ბროწეულის ფერი“, დიდი სომეხი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებით არის შთაგონებული… მის მიერ შექმნილ სამყაროს ეფუძნება. ადრე არ ვიცნობდი ფარაჯანოვის შემოქმედებას და მიხარია, რომ მისი აღმოჩენის შესაძლებლობა მომეცა. მისი შემოქმედება მარადიულია. ჯერ კიდევ უძლებს დროს მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან და ცალკეულ ადამიანთან“, – ამბობს მურად მერზუკია, სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
სატე ხაჩატრიანი, სპექტაკლის ორიგინალური იდეის ავტორი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი, განსაკუთრებით ღელავდა და ამბობდა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მაყურებლის აზრი ამ სპექტაკლზე.
„ძალიან გვინდოდა ამ სპექტაკლით სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში ჩავსულიყავით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უკრაინაში ჩასვლა შეუძლებელია. თუმცა აქ ყოფნა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ფარაჯანოვი აქ, თბილისში დაიბადა. ის იყო ხელოვანი, რომელსაც ნამდვილად გათავისებული ჰქონდა ამ ქალაქის კულტურა. ამიტომ ძალიან საინტერესოა როგორ მიიღებს ამ სპექტაკლს ქართველი მაყურებელი“, – თქვა სატე ხაჩატრიანმა, სპექტაკლის ორიგინალური იდეის ავტორმა.
ლეგენდარული რეჟისორი კვლავ თბილისშია და მისი უკვდავი „ბროწეულები“ ახლა უკვე სრულიად სხვა ფერებით ახსენებს მის საყვარელ ქალაქს სერგო ფარაჯანოვის სათქმელს.