მთავარისაქართველოპარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ცესკოს ფორმირების წესი, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება.

„ჩვენ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ეყრდნობა იმ საჭიროებებს, რომლებიც არის წარმოქმნილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ისე როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს, საქართველოს და ისე როგორც ეს პროცესი განვითარდა უკანასკნელი 8-9 არჩევნებისას, 2012 წლის შემდეგ. ამ პროცესს ვინც შეეწინააღმდეგება, მათ შორის, იქნება ეს პრეზიდენტი საკუთარი ვეტოთი, ბუნებრივია, უგულებელვყოფთ და ვეტოს დავძლევთ მიმდინარე კვირას,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

„რაში სჭირდება ძალას, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში და ამბობს, რომ თურმე აქვს კონსტიტუციური მხარდაჭერა; დაქვემდებარებული, პარტიულ ვერტიკალში ჩაბმული ცენტრალური საარჩევნო კომისია?! ცხადია, ეს კანონპროექტი, ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაადო ვეტო, მაგრამ ბუნებრივია, „ქართული ოცნება” უკან არ დაიხევს და ამ ვეტოს დაძლევს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე 2023 წლის დეკემბერში დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა და უარყოფითად შეაფასა ცესკოს დაკომპლექტებაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციისთვის განკუთვნილი პოსტის გაუქმება.

„2023 წლის დეკემბრის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საარჩევნო პროცედურების სამართლიანობა და არჩევნების სამართლიანობა მეტწილად არჩევნების მართვის ორგანოებსა და მათდამი საზოგადოების ნდობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

„მთელი ეს პროცესი იყო თავიდან ბოლომდე განზრახული და გამიზნული იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. მათ გააგზავნეს ეს პროექტი ვენეციის კომისიაში, ჩამოვიდა დასკვნა, რომლის მსგავსიც არ ჩამოსულა საქართველოში იმდენად კრიტიკული იყო. ის ნიშნავდა, პირდაპირ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, შემდეგს – „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს „კომპრომისულ ვერსიას“ სთავაზობდა, პრეზიდენტს სურდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მას დაჰბრუნებოდა. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend