როდესაც რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ ხმას დააფიქსირებენ, მათ ეცოდინებათ, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი, აუცილებლად გაიმარჯვებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი მმართველობის 24 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე მკაცრი კონტროლი დაამყარა. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი კიდევ 6 წლის ვადით, 2030 წლამდე, დარჩება ხელისუფლებაში.
ხელისუფლებაში თითქმის მეოთხედი საუკუნის ყოფნის შემდეგ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეების დიდ მხარდაჭერას ფლობს და ეს უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად ხდება. დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის „ლევადის“ ცენტრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 80 პროცენტი მის მიერ გატარებულ რეფორმებს ემხრობა.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1999 წელს გახდა, როდესაც ბორის ელცინი თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა.
პოლიტიკის არაერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ვლადიმერ პუტინის პოპულარობის შემცირებამ განაპირობა. მათი აზრით, ამ გზით პუტინი ეცადა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მხარდაჭერა ხელახლა მოეპოვებინა.
71 წლის ვლადიმერ პუტინმა ორჯერ შეცვალა კონსტიტუცია იმისთვის, რომ ხელისუფლებაში 80 წლამდე დარჩენილიყო. მისმა მმართველობამ მოიცვა ამერიკის შეერთებული შტატების ხუთი პრეზიდენტის მმართველობა, ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე. ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იოსებ სტალინის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ყველაზე დიდხანს იქნება სახელმწიფოს სათავეში.