მთავარისაქართველოშავი ზღვის რეგიონის ევროპული პერსპექტივები

შავი ზღვის რეგიონის ევროპული პერსპექტივები

რუსეთის ომმა უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემო მკვეთრად შეცვალა. შეცვალა ევროკავშირისა და ნატოს აღქმები სხვადასხვა რეგიონთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა შავი ზღვის რეგიონიც და ბუნებრივია, საქართველოს გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ კიდევ უფრო მეტად მოიმატა. “შავი ზღვის რეგიონის ევროპული პერსპექტივები” – ამ თემაზე დღეს Strategy International-სა და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ პარტნიორობით კონფერენცია გაიმართა.

„ჩვენ ამის თაობაზე ვსაუბრობდით 15-20 წლის წინ, ჩვენი ხმა მაშინ არ ისმოდა, დღეს კარგია, რომ ისმის, ძალიან ბევრი შანსი და ბევრი ისტორიული რამ არის გაშვებული, მაგრამ პოზიტიური არის ის, რომ დღეს ამის აღქმა აქვთ უკვე ევროპელებს, ამიტომ შავი ზღვა დღეს სტრატეგიულად არის უკვე მათი ინტერესების სფეროში, ჩვენი ამოცანა რაც არის, ჩვენი ამოცანა არის მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება. რას ვთავაზობთ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს, ნატოს როგორც შავი ზღვის ქვეყანა, ბუნებრივია, არა იზოლირებულად. რუსეთი ამ კონფიგურაციაში ვერ მოიაზრება, რადგან აგრესორი ქვეყანაა“, – ამბობს გელა ბეჟუაშვილი, “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ახლა, როცა საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკურმა ინტერესმა იმატა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ინფრასტრუქტურის დროულად განვითარება, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობა. ექსპერტები საუბრობენ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გრძელვადიანი ინვესტიციები უნდა მოიზიდოს პორტის ასაშენებელად.

„საქართველოს პოტენციალი იკარგება იმაში, რომ წლები მიდის იმაზე, რომ ვერ ხდება ამ ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო კომუნიკაციების მოდერნიზაცია, რაც ქვეყანას დაახლოებს ევროკავშირთან და მოუტანს ძალიან დიდ ეკონომიკურ შემოსავალს. ამიტომ ყველამ უნდა მოითხოვოს, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს, პარტნიორი ძალიან ბევრია, როგორც აზიის, ისე ევროპის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი. უბრალოდ, ძალიან ნელა ხდება ეს ყველაფერი, რომელიც საქართველოს იმ შესაძლებლობას აკარგინებს, რომ ქვეყანამ მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, დაცულობა და ადამიანებს არ ჰქონდეთ გასაქცევად საქმე, არამედ აქ იყვნენ ჩართულები, ეკონომიკურ სატრანსპორტო თუ სავაჭრო საქმიანობაში”, – ამბობს ვანო მაჭავარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გარდა დემოკრატიული რეფორმებისა, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება აითვისოს ის პოტენციალი, რომელიც ახალმა გეოპოლიტიკურმა გარემომ შექმნა.

„ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, უსაფრთხოების, თავდაცვის უნარიანობის ამაღლების, მაგრამ ამას უნდა აკეთებდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც კონსტიტუციაშია განსაზღვრული, ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს მეშვეობით და არა სხვა მიმართულებებით, რომლებსაც უბრალოდ არასწორად ეძებს… საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად პოლიტიკური სპექტრი უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ეს როლი სქართველომ სწორად შეასრულოს და არ დაკარგოს შესაძლებლობა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს გახდის ევროკავშირის წევრ ქვეყანას“, – ამბობს ვანო მაჭავარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

შავი ზღვის რეგიონი ექვს სანაპირო ქვეყანას აერთიანებს, აქედან 3 ევროატლანტიკური სივრცის წევრია, საქართველო და უკრაინა კი ამ სივრცისკენ მიიწევს.

ახალმა გეოპოლიტიკუმა ძვრებმა საქართველოს მისცა შესაძლობლობა, რომ ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს, თუმცა ამას როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლებლობების გამოყენება სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend