მთავარიმსოფლიოNATO"რუსეთი ვერ გაბედავს, ნატოს თავს დაესხას" - იენს სტოლტენბერგი

“რუსეთი ვერ გაბედავს, ნატოს თავს დაესხას” – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევრონიუსის ეთერში აცხადებს, რომ ნატო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ პროექტად დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა ასევე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებისა და უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის შესახებ. ნორვეგიელი პოლიტიკოსი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს.

მარია ფსარა, ევრონიუსი: დიდი მადლობა დროს რომ გვითმობთ. ინტეგრაციის უზრუნველყოფას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ დღეს შვედეთი ნატოს 32-ე წევრი სახელმწიფოა. რისი მომტანია ეს სიახლე პრაქტიკული თვალსაზრისით?

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: ეს ისტორიული მომენტია, შვედეთი ნატოს სრულუფლებიანი და სრულფასოვანი წევრი გახდა, ეს კი ნიშნავს, რომ შვედეთი დაცულია და მას აქვს უსაფრთხოების გარანტიები. ერთ მოკავშირეზე თავდასხმა აღიქმება როგორც თავდასხმა ყველაზე. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის – სწორედ ეს არის ძირეული პრინციპი. ნატოს რიგებში ყოფნა შვედეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შვედეთის გაწევრიანებით გაძლიერდა ნატოც. შვედეთს თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი შეიარაღება აქვს, წყალქვეშა ნავები, გამანადგურებლები, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი არმია. ნატო გაძლიერდა, ამავე დროს ეს გახლავთ გზავნილი მოსკოვისადმი, რომ ნატოს კარი ღია რჩება, ამ კარის გაღება ან დაკეტვა მოსკოვისა და ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტი არ არის, ეს ნატოს მოკავშირე წევრი და ევროპული სახელმწიფოების გადასაწყვეტია, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნატოს კარი ღიაა.

მარია ფსარა, ევრონიუსი: იქნება თუ არა ნატოს სამხედრო ბაზა შვედეთის მიწაზე?

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: იქნება წვრთნები და შვედეთი მონაწილეობას მიიღებს მომავალში და ამ ეტაპზეც ჩართულია სამხედრო მანევრებში, შვედეთი უკვე ჩართულია ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში, მაგრამ შვედეთის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და ეს შვედეთის გადასაწყვეტია.

მარია ფსარა, ევრონიუსი: რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა ნატოს რიგებში აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპული სახელმწიფოების გაწევრიანებას, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ფონზე ელოდებით თუ არა კრემლისგან ხისტ რეაქციას?

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რუსეთის ფედერაციისგან მომავალი საფრთხეები ყოველთვის შესაბამისად უნდა შევაფასოთ. ამავე დროს ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეს, შვედეთის, ფინეთის ან ნატოს წევრი სხვა რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ნატო ადგილზეა და ეს მოსკოვში იციან, ნატოს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ალიანსის ერთიანი პასუხის საწინდარი გახდება. სწორედ ამ გზით შეინარჩუნა ნატომ მშვიდობა 75 წლის განმავლობაში. არ უნდა დავუშვათ რომ მოსკოვში სათანადოდ არ შეაფასონ ჩვენი შესაძლებლობები და მზადყოფნა რომ დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები. ჩვენი მიზანი ომის თავიდან აცილება და არა მისი დაწყება და ჩვენ ამას წარმატებით ვახერხებთ უკვე 75 წელია.

მარია ფსარა, ევრონიუსი : დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე გრძნობთ თუ არა რიგი მოკავშირე სახელმწიფოების შფოთვას, გირთულებთ თუ არა ეს განცხადებები ცხოვრებასა და სამუშაოს?

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: ეს ახალი არაა და ეს კრიტიკა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან არ ისმის, სხვა წევრი სახელმწიფოებიც ითხოვენ საერთო თავდაცვით ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტის ინვესტიციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება ნატოს ერთგული, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც. ნატო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ღირებული ორგანიზაციაა, ნატო მნიშვნელოვანია ევროპისთვისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ვაშინგტონს 31 მეგობარი და პარტნიორი ჰყავს, პეკინსა და მოსკოვს ეს არ გააჩნიათ. კონგრესში ნატოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ამერიკული საზოგადოებაც უჭერს მხარს ნატოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კრიტიკა მიმართულია არა ნატოსკენ არამედ იმ წევრი სახელმწიფოებისადმი, რომლებიც საკმარისი რაოდენობით არ ხარჯავენ თავდაცვის სფეროში. ამ მხრივ მდგომარეობა შეცვლილია, წევრი სახელმწიფოები თავდაცვით ხარჯებს ზრდიან და მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ან მეტს მიმართავენ თავდაცვისთვის. ამჟამად რადიკალურად განსხვავებული, გაუმჯობესებული ვითარებაა ამ თვალსაზრისით, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

მარია ფსარა, ევრონიუსი: მართალია, შვედეთი უკვე ხარჯავს 2 პროცენტზე გაცილებით მეტს, უკრაინაში რუსულმა ინტერვენციამ ევროპა გამოაფხიზლა, თავდაცვა კვლავ პრიორიტეტია, მზად არის თუ არა ნატო ახალი გამოწვევებისთვის, ახალი ინციდენტებისთვის, როგორც ორი წლის წინ?

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: ახალი კრიზისებისა და კონფლიქტებისთვის ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ. ნატოს მიზანია, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით დაიწყება შემდეგი კონფლიქტი, დაიცვას წევრი სახელმწიფოები. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ ნატოს ორი მიზანი აქვს, პირველ რიგში უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების უმრავლესობა სწორედ ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან მოდის, კანადისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავისთავად ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოდან. მეორე მიზანი კი ომის გაფართოების თავიდან აცილებაა, მოსკოვსა და ჩვენ შორის ომის თავიდან აცილება. სწორედ ამ მეორე მიზანს ემსახურება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო რესურსის ზრდა, სწორედ ახლა მიმდინარეობს მანევრები, სახელწოდებით „მტკიცე მცველი 2024“ და მასში ათიათასობით ჯარისკაცია ჩართული. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენ შეგვიძლია წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების დაცვა. სანამ ეს პრინციპი დაცული იქნება რუსეთის ფედერაცია ნატოზე თავდასხმას ვერ გაბედავს.

მარია ფსარა, ევრონიუსი: თქვენი ნებართვით ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ითქვა რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნატოს მიერ მიწოდებული შეიარაღებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიიტანოს დარტყმა, რას ფიქრობენ ნატოს წევრი სახელმწიფოები ამასთან დაკავშირებით?

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი, ეს პუტინის გადაწყვეტილების შედეგად დაწყებული ომია, ეს გახლავთ მოსკოვის დაპირისპირება უკრაინასთან. მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. ეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ერთ-ერთი ძირეული დებულებაა, ნატოს წევრ სახელმწიფოებს კი უფლება აქვთ, რომ უკრაინას დაეხმარონ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს უფლება მიიტანოს დარტყმა ლეგიტიმურ რუსულ სამიზნეებზე უკრაინის ტერიტორიის გარეთ. ეს ფაქტია და საერთაშორისო სამართლის ნაწილი. ჩვენი ვალია, რომ საერთაშორისო სამართალი უკრაინის მხარდაჭერის გზით დავიცვათ, სახელმწიფო რომელიც აგრესიის მსხვერპლია.

მარია ფსარა, ევრონიუსი: თქვენი მოღვაწეობისას ნატოში გაწევრიანდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, ფინეთი, შვედეთი, ეს ბევრი სახელმწიფოა, რა გახლავთ თქვენთვის შემდეგი ნაბიჯი.

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: ჩემი მიზანი ამ ეტაპზე გახლავთ ჩემი დარჩენილი მანდატის პირობებში მაქსიმალურად კარგი სამუშაო შევასრულო. მნიშვნელოვანია ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტიც, ვიზეიმებთ ნატოს დაარსებიდან 75 წლის გასვლას და მივიღებთ მთელ რიგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩემი მანდატი პირველ ოქტომბერს იწურება და ჯერ არ ვიცი შემდგომ რა საქმიანობით დავკავდები. მეუღლეს სამშობლოში დაბრუნებას შევპირდი და ასეც მოვიქცევი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend