მთავარისაქართველოროგორ სრულდება 9 დათქმა - სამოქალაქო სექტორის ხედვა

როგორ სრულდება 9 დათქმა – სამოქალაქო სექტორის ხედვა

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 9 რეკომენდაციას და რა უნდა გაკეთდეს კიდევ იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიხსნას. ამ ფართო საკითხზე სამსჯელოდ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდში” არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ მორიგი სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან გამართა. მათ პოლიტიკოსებს გააცნეს თავიანთი ხედვა და სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ საზოგადოების რომელ ჯგუფს რა როლი აქვს ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალ პროცესში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა ხელისუფლების დისტანცირებაა, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველმა რგოლმა მათთან თანამშრომლობის კარი ჩაკეტა, რაც მათივე თქმით, პროცესს არაინკლუზიურსა და ერთპარტიულს ხდის.

“მე ვფიქრობ, რომ პრინციპული რაღაცები არ სრულდება იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადასადგმელი გვაქვს იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება არ მონაწილეობს დიალოგში… ეს მოულოდნელი არ არის და ჩემთვის ბუნებრივია იმიტომ, რომ ,,ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკური პარტიაა და დიალოგი მხოლოდ იმ ჯგუფებთან აინტერესებს, რომლებიც მას ყველაფერზე კვერს უკრავენ და ყველაფერში ეთანხმებიან. აქ არის გახსნილი, ღია საუბარი, მოსაზრებების გაცვლა, კონსტრუქციული, პოზიტიური და საქმიანი კრიტიკა, მაგრამ ეს არ არის იმ მუშაობის სტილი, რაც ,,ქართულ ოცნებას“ მოსწონს, სამწუხაროდ. მთლიანობაში გამოსავალი ჩემი აზრით, სამოქალაქო კონსოლიდაციაშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად, არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ფხიზლად ვადევნოთ თვალი ჩვენი მთავრობის ნაბიჯებს და არ დავუშვათ მორიგი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული გადახვევა ჩვენი მომავლიდან“, – აცხადებს „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის“ (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე.

სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის შეხვედრას მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაესწრნენ. ორგანიზატორების განცხადებით, მოწვევის მიუხედავად ამ შეხვედრას მმართველი გუნდიდან არავინ დაესწრო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამის მიზეზად 9 ნაბიჯის მთავარი საკითხების შესრულების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას მიიჩნევენ.

„ამ შეხვედრაზე ვისმენთ სამოქალაქო სექტორის ხედვას, თუ როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი, რათა მოლაპარაკებები წევრობაზე გაიხსნას საქართველოსთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებმა მოვისმინოთ სამოქალაქო საზოგადოების აზრი, ვიმსჯელოთ მათთან ერთად ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ერთობლივი მუშაობით, მათ შორის კონსენსუსით მივიდეთ შეხვედრაზე. ხელისუფლების არყოფნა ბევრ რამეზე მიუთითებს, მათ შორის იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ამ დათქმების შესრულებას არ აპირებს“, – აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე.

სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეები ამბობენ, რომ 9 დათქმის შესრულების აქტიურ მონიტორინგს გააგრძელებენ და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათთან თანამშრომლობის კარს გახსნის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend