მთავარისაქართველოონკოპაციენტები ითხოვენ დაფინანსებას სრულფასოვანი მკურნალობისთვის

ონკოპაციენტები ითხოვენ დაფინანსებას სრულფასოვანი მკურნალობისთვის

ნათელა ბესთავიშვილს ორი წლის წინ ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს. მას შემდეგ ის უწყვეტად მკურნალობს. ამბობს, რომ კვლევების ჩატარება ხშირად სჭირდება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ კვლევები ძალიან ძვირია.

„კვლევების საფასური მე გადავიხადე. დღესაც არ არის დაფინანსებული ეს პროცედურები და მაშინაც, რა თქმა უნდა, 2022 წელს არ ფინანსდებოდა. წამლების ნაწილს სახელმწიფო მინაზღაურებს, მაგრამ მაგალითად, გუშინ ვიყიდე წამალი, რომელიც 600 ლარი ღირს, როცა ღირდა 300-იდან 400 ლარამდე. თითქმის გაორმაგებულია ამ წამლის ფასი. 25 000 ლარი მე შეიძლება მეყოს, მაგრამ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც უფრო ძვირიანი წამლები სჭირდებათ, ნამდვილად არ ეყოფათ“,- ამბობს ნათელა ბესთავიშვილი.

„ჩვენ ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის“, „კიბო განაჩენი არ არის“, „დაგვეხმარეთ სიცოცხლის გადასარჩენად“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 12 მარტს, ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ. მათი მოთხოვნა იყო სახელმწიფოს მიერ წამლების დასაფინანსებლად დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმება, წამლების დეფიციტის აღმოფხვრა და აუცილებელი მედიკამენტების რეგისტრირება. ასევე ის, რომ დაფინანსების პროგრამაში შედიოდეს დიაგნოსტირება და კვლევები. თავდაპირველად, ისინი გეგმავდნენ ჯანდაცვის ახალი მინისტრის მიხეილ სარჯველაძის სახელზე სპეციალური განცხადების შეტანას, თუმცა რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მინისტრი და მისი მოადგილე მათ შეხვდებოდა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ჯანდაცვის სამინისტროშიც.

„აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ პაციენტების ყველა საჭიროება დაკმაყოფილდეს. შევთანხმდით, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც მათ დააყენეს, ისევ განვიხილავთ საფუძვლიანად. ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბრძოლა სიცოცხლისთვის უკვე დიდი ხანია გრძელდება. ონკოპაციენტებმა არაერთ სახელმწიფო დაწესებულებას მიმართეს წერილით, გამართეს აქციებიც, თუმცა აქამდე უშედეგოდ. ახლა კი ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან ელიან, რომ მოიძიებს მათი პრობლემების მოგვარების გზას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend