ორშაბათს მუსლიმანთა დღესასწაული, რამადანი, დაიწყო.
პალესტინელებმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეფერხების, შიმშილისა და ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე ხუთთვიანი შეტევის მიუხედავად, მარხვა დაიწყეს.
მუსლიმანთათვის წმინდა თვე, როგორც წესი, სიხარულისა და ლოცვის პერიოდია, თუმცა ახლა ისინი მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ღაზის სექტორში 1000-ზე მეტი მეჩეთი განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა. pic.twitter.com/3OHC5S0fUR
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 11, 2024
რეგიონში განვითარებულ კონფლიქტს 30 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ღაზის სექტორი კი ნანგრევებად აქცია.
ამ ნანგრევების ფონზე ოჯახები, მათ შორის ქალები და ბავშვები, იკრიბებიან, რათა გაუზიარონ ერთმანეთს იფთარის კერძები, რომლებიც მწირი საკვებისგან მომზადდა.
რამადანის პირველ დღეს ასეულობით პალესტინელი ღაზაში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დანგრეულ მეჩეთებთან საღამოს ლოცვას დაესწრო.
გუშინ ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრომ ღაზის სექტორში თვითმფრინავებიდან დახმარების მიწოდების ამსახველი კადრები გაავრცელა.
ეგვიპტე იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც ღაზას საჰაერო გზით დახმარებას აწვდიან. როგორც ცნობილია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო რეგიონში მოსახლეობის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა.