მთავარისაქართველო“გზა მშვიდობისკენ” - უნგრული გუნდის კონცერტი თბილისში

“გზა მშვიდობისკენ” – უნგრული გუნდის კონცერტი თბილისში

რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში არაერთი კულტურული ღონისძიების თემატური ნაწილი გახდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

„გზა მშვიდობისკენ“ – ასე ჰქვია მუსიკალურ პროგრამას, რომელიც ბუდაპეშტში დაარსებულმა წმ. ეფრემის სახელობის უნგრულმა ვოკალურმა რვაწევრიანმა გუნდმა გამართა ქართველი მსმენელის წინაშე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზის სცენაზე. დარბაზში ასევე იყვნენ საქართველოში მყოფი უკრაინელები.

გუნდის ერთ-ერთი წევრის, უკრაინული წარმოშობის ვიქტორ პაპის მიერ, უკრაინულ ენაზე დაწერილი სამგლოვიარო საგალობელიც შესრულდა, სახელწოდებით “უკრაინული რეკვიემი”.

„მე უკრაინელი ვარ, დედა რუსი მყავს. შესაბამისად, ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია ის, რაც უკრაინაში ახლა ხდება. ამ გუნდში მომეცა შესაძლებლობა ჩემ მიერ დაწერილი „უკრაინული რეკვიემი“ შეგვეტანა რეპერტუარში. ის ერთგვარი სამგლოვიარო საგალობელია, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულ ომში დაღუპულ თანამემამულეებს მივუძღვენი. მიხარია, რომ ამ და სხვა ნაწარმოებს თქვენთან ვასრულებთ საქართველოში“, – ამბობს ვიქტორ პაპი.

ორნაწილიანი პროგრამის განმავლობაში ვოკალური გუნდის წევრებმა უკრაინული, ქართული, უნგრული და სხვა საგალობლები შეასრულეს და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიუძღვნეს.

“რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგულისხმობ მუსიკას, ვასრულებთ სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნის შესანიშნავ ნაწარმოებებს, ძალიან ბევრ რამეს ამბობს მსოფლიოს მრავალფეროვნებაზე და იმაზე, რომ მუსიკა მშვიდობის ძლიერი ენაა. მაგალითად, ძალიან რთულია ქართული მრავალხმიანი სიმღერის შესრულება. მაგრამ ამავე დროს მარტივია, თუ მას გულწრფელად და გულით იმღერებ. ჩვენ ამ საღამოს მშვიდობასა და უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას ვუძღვნით“,- აცხადებს წმ. ეფრემის სახელობის გუნდის ერთ-ერთი წევრი მარკ ბუბნო.

სასულიერო ნაწარმოებების გარდა გუნდმა ასევე ინდური და კონგოური სიმღერები შეასრულა, რამაც მაყურებელი სამგლოვიაროდან პოზიტიურ განწყობაზე გადაიყვანა.

ჯაზის მომღერალი მაია ბარათაშვილი, რომელიც საღამოს მსმენელის რანგში დაესწრო, ნანახითა და მოსმენილით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

„აქ უკვე შესრულების ისეთი დონეა, რომ პროფესიონალიზმზე საერთოდ საუბარიც უხერხულია. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ღმერთის მონატრება გაგიჩნდება, ამ შესრულებას რომ მოისმენ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პოლიფონია არ გვიკვირს, იმდენად დიდი გულწრფელობით შეასრულეს ეს ნაწარმოებები, რომ ემოციებზე ძალიან იმოქმედა“, – აცხადებს მუსიკოსი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მამაკაცთა ვოკალური გუნდის მოწვევის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს „უნგრელ არტისტთა სააგენტომ“ და ფონდმა „იავნანა“.

„ეს გუნდი უნგრეთში 20 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო წარმატება აქვს მიღებული. ისინი ამ პროგრამით მთელი ევროპის მასშტაბით მოგზაურობენ და, რა თქმა უნდა, ცენტრალური ევროპის მიღმაც, აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოში გადაწყდა მისი წარდგენა. ჩემს სააგენტოსა და ფონდ „იავნანას“ შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობა შედგა, რის ნაყოფსაც ახლა ვხედავთ აქ, თბილისში“, – აცხადებს „უნგრელ არტისტთა სააგენტოს“ დამფუძნებელი ანდრაშ შანტპეტერი.

დასასრულს, ღონისძიების განმავლობაში აღფრთოვანებული მსმენელი კიდევ უფრო გააოცა უნგრელი მომღერლების მიერ ქართული მრავალხმიანი სიმღერის შესრულებამ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend