კონგრესში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თეთრი სახლის პოლიტიკურ კალენდარში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და დატვირთვის მქონე თარიღი იყო.
ჯო ბაიდენს მიეცა საშუალება, რომ პირდაპირ მიემართა თანაპარტიელი და რესპუბლიკელი კანონმდებლებისა და მილიონობით მოქალაქისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ არა მხოლოდ მის სიტყვებს, არამედ მისი სხეულის ენასაც.
ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურად მეტად დაპირისპირებულ კონგრესში. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია ფლობს უმრავლესობას, სენატში კი დემოკრატიული პარტია.
„ვლადიმერ პუტინი წინ მიიწევს, უკრაინასა და ევროპაში ქაოსს თესს. აქ მყოფთაგან თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება, ძალიან მწარედ ცდება. მე გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, უკრაინას ეს შეეძლება, თუ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მივცემთ იმ შეიარაღებას, რომელიც კიევს ესაჭიროება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
Donald Trump tells Putin to “do whatever the hell you want.”
My message to Putin is simple: We will not walk away. I will not bow down. pic.twitter.com/Q150zXOa8q
— Joe Biden (@JoeBiden) March 8, 2024
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მისი სახელისა და გვარის თქმის გარეშე 13-ჯერ ახსენა სიტყვით გამოსვლისას.
„ჩემი წინამორბედი, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ქედს უხრიდა, ეს ამაზრზენი, საშიში და მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს დამფუძნებელი სახელმწიფოა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი თავდაცვითი ალიანსისა, ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიოში მშვიდობას იცავს. დონალდ ტრამპი ჩვენი ფუნდამენტური, დემოკრატიული ღირებულებების მოწინააღმდეგეა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებაც: „უკვე წლებია მესმის როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პოლიტიკოსებისგან, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ძლიერდება, ამერიკის შეერთებული შტატების კი პირიქით. ეს არ გახლავთ სწორი ანალიზი. მე საპირისპიროს ვამტკიცებდი მუდამ, მანამდე, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტად გრძნობს თავს. ჩვენ აზიაში ძლიერი ალიანსი გვაქვს იაპონიასთან, კორეასთან, ავსტრალიასთან. ჩვენ შევძლებთ 21-ე საუკუნის კონფლიქტში გამარჯვებას“.
ჯო ბაიდენმა ილაპარაკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებაც.
„ისრაელს აქვს “ჰამასის” წინააღმდეგ ომის წარმოების სრული უფლება, “ჰამასს” კი შეუძლია ტყვეები გაათავისუფლოს და ეს კონფლიქტი დაასრულოს. “ჰამასმა” ისრაელს 7 ოქტომბრის ორგანიზატორებიც უნდა გადასცეს. ისრაელის წინაშე არსებული ამოცანა რთულია, ჰამასის მეომრები საავადმყოფოებსა და სკოლებში იმალებიან და შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა 68 წუთს გაგრძელდა.