10 წელი გავიდა მისტიკურ ისტორიად შერაცხილი ამბიდან. საუბარია მალაიზიის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავზე, რეისის ნომრით MH370, რომელიც გაუჩინარდა.
2014 წლის 8 მარტს პეკინის მიმართულებით გამგზავრებული Malaysia Airlines-ის რეისი რადარებიდან კუალა-ლუმპურის მიმდებარედ გაქრა.
გამოძიების ფარგლებში მიმდინარე მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად ვერავითარი კვალი, ვერც ხომალდისა და ვერც მგზავრების ვერსად იპოვეს. არც რაიმე ნიშანი იყო იმის, რომ ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 239 ადამიანის უკვალოდ გაქრობას, დღემდე ოფიციალური ახსნა არ აქვს.
კუალა-ლუმპურში გაუჩინარებული მგზავრების ახლობლები ამ უცნაური შემთხვევიდან 10 წლისთავზე შეიკრიბნენ. უჭირთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე საუბარი, რადგან ზუსტად არ იციან, რა ბედი ეწიათ მათ.
„ძალიან ძნელია დედაზე საუბარი. ვერ გავიგე, რას განვიცდი. თან ვეთხოვები და თან მცირე იმედი მაქვს, რომ ისევ ცოცხალია. ქალი თან გარდაცვლილია და თან ცოცხალი. ეს მძიმე ემოციაა. ერთი კი ნათელია, ის უზომოდ მენატრება. მინდა მას ვესაუბრო. თუმცა ყველაზე უარესი სცენარისთვის უკვე მზად ვართ. უბრალოდ, ამის გარკვევაა საჭირო. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. სანამ კითხვებს არ გაეცემა პასუხები, მანამ ვერავინ ვიპოვით მოსვენებას, მათ შორის ვერც ხელისუფლება“,- ამბობს MH370-ის მგზავრის ენ კეტრინ დეიზის ქალიშვილი გრეის სუბატირაი ნათანი.
ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ შესაძლოა გამოძიება მალე განახლდეს. მისი განცხადებით, ის პირადად გულშემატკივრობს გამოძიების გაგრძელებას.
„როგორც ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა თქვა, საკმარისი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ გამოძიება გაგრძელდეს და კატასტროფის დამამტკიცებელი ფაქტები ვიპოვოთ. ამ კვირაში გვექნება მინისტრთა კაბინეტის სხდომა, სადაც ეს თმა მთავარი საკითხი იქნება. მე მხარს ვუჭერ გამოძიების განახლებას. ეს აუცილებელია მგზავრთა ოჯახებისა და მეგობრებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისთვის. პასუხგაუცემელი კითხვების გამო ძალიან ბევრი ადამიანია დეპრესიაში. ამას ვერ დავუშვებთ. პასუხები აუცილებელია. უნდა ჩავატაროთ სათანადო გამოძიება, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. ყველაფერი გამჭვირვალე იქნება“, – აცხადებს პრემიერი.
ავიაექსპერტების შეფასებით, ეს არის ავიაკატასტროფა თვითმფრინავის გარეშე. კატასტროფა, დამაჯერებელი მტკიცებულების გარეშე.
გამოძიება დროებით შეჩერებულია. დიდი დროის გასვლის მიუხედავად, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ჯერ კიდევ არსებობს MH370-ის ნამსხვრევების პოვნის დიდი შანსი. თუ, რა თქმა უნდა, კატასტროფა ნამდვილად მოხდა.